ნოემბერი 8, 2025 22:33

საშემოდგომო კამპანია – “მე ძლიერი ქალი ვარ!”

ლიდერ ქალთა საზოგადოება წარმოგიდგენთ საშემოდგომო კამპანიის მეცამეტე ნაწილს – “მე ძლიერი ქალი ვარ!” ეს უნიკალური კამპანია გახდა სივრცე, სადაც ყოველი ქალბატონის მონაწილეობა განსაკუთრებულია და სადაც ვაღიარებთ და ვზეიმობთ ქალების მრავალფეროვან გამოცდილებებს, წარმატებებს, დაბრკოლებებს და შინაგან სიმტკიცეს.

 

კამპანია “მე ძლიერი ქალი ვარ!” ქმნის ფორუმს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს, რომ წარმატება არ არის უნივერსალური გზა, არამედ პირადი მოგზაურობაა, მოქსოვილი სხვადასხვა განცდებით, გამოწვევებითა და ტრიუმფით. თითოეული მონაწილე ქალბატონი გაგვანდობს თავის პროფესიულ მოგზაურობას და გაგვიზიარებს, რაში ხედავს საკუთარ ძალას – ეს ისტორიები კი გახდება შთაგონების წყარო სხვა ქალებისთვის და წარმოაჩენს იმ მრავალფეროვან ბილიკებს, რომლებიც წარმატებისკენ მიემართება.

 

 სოფო ერქომაიშვილი – ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი და ნიჭიერი შემსრულებელი

სოფო ერქომაიშვილი, ლიდერ ქალთა საზოგადოების აქტიური წევრი, გამორჩეულია თავისი ვოკალური ნიჭით და მუსიკალური შემოქმედებით. მისი ხმა და შესრულების მანერა მუდმივად იმსახურებს მსმენელის ყურადღებასა და დადებით შეფასებებს. როგორც ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი, იგი აქტიურად ერთვება ორგანიზაციის სხვადასხვა აქტივობებში და თავისი მუსიკალური ტალანტით ხელს უწყობს წარმატებული ქალების წარმოჩენას.

სოფოს მუსიკალური კარიერა არის შთაგონების წყარო სხვა ქალებისთვისაც, რომლებიც ოცნებობენ თავიანთი ნიჭის განვითარებაზე და პროფესიული წინსვლის მიღწევაზე. სამი შვილის დედა, იგი ხშირად აღნიშნავს, რომ ქართული სიმღერა მისთვის არის არა მხოლოდ პროფესია, არამედ ვნება და ცხოვრების წესი. მისი არტისტიზმი და პროფესიონალიზმი ნათლად ასახავს ლიდერ ქალთა საზოგადოების მისიას – აღმოაჩინოს და წაახალისოს ნიჭიერი ქალები საქართველოში.

 

ქეთევან ურდულაშვილი – პურის სიყვარულით შექმნილი ბიზნესის წარმატება

ქეთევან ურდულაშვილი, “პურპურის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და პურის წარმოების ხელმძღვანელი, 22 წლის ასაკში შევიდა წარმოებაში და დაიწყო პროფესიული კარიერა. თავდაპირველად ვაფლის წარმოებაში “წითელქუდაში” 9 წლის განმავლობაში მუშაობდა, შემდეგ კი პურის წარმოებაში გადავიდა, სადაც ასევე 9 წელი გაატარა, სანამ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გადაწყვეტდა.

შვიდი წლის წინ ბიზნესპარტნიორ დავით ნოზაძესთან ერთად დააფუძნა საკუთარი საცხობი “პურპური”, რომელიც დღეს უკვე 70 ადამიანს ასაქმებს და 17 სახეობის პურფუნთუშეულს აწარმოებს. კომპანიას ოთხი ფილიალი აქვს, რომლებიც 24/7 რეჟიმში მუშაობს. ქეთევანის თქმით, წარმატების მთავარი საიდუმლო საკუთარი საქმის სიყვარულშია: “თუ თვითონ შენი საქმე არ გიყვარს, ვერ მიაღწევ სიმაღლეებს”. მისი ისტორია ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება პროფესიული გამოცდილებისა და საქმისადმი ერთგულებით წარმატებული ბიზნესის შექმნა.

 

თამთა აივაზიშვილი – მეღვინე ქალი, რომელმაც ტრადიციული დარგი თანამედროვე ბრენდად აქცია

თამთა აივაზიშვილმა გადაწყვიტა საკუთარი ბრენდი შეექმნა და ყველაფერი ნულიდან აეწყო მეღვინეობის სფეროში, როდესაც ეს ცნება ჯერ კიდევ ახალი და უჩვეულო იყო ქართულ რეალობაში. მისი ძირითადი მიმართულებაა ღვინო, მცირე საოჯახო მარანი და ტურიზმი. “მეღვინე ქალს” თავდაპირველად სერიოზულად არ აღიქვამდნენ, თუმცა დღეს იგი დიდ მხარდაჭერასა და აღფრთოვანებას გრძნობს მრავალი ადამიანისგან.

თამთას კარიერის დასაწყისში სხვებისთვის შეუძლებლად ჩანდა, რომ მცირე მარანი კონკურენტუნარიანი გახდებოდა, მაგრამ დღეს მისი “დების ღვინო” არა მხოლოდ ქართველი მომხმარებლების სიყვარულს იმსახურებს, არამედ საერთაშორისო კონკურსებზეც ოქროს მედლებს იღებს. 2025 წელს დაგეგმილი ბრიტანული ბაზრისთვის მარკეტინგული ღონისძიებებისთვის, “დების ღვინო” საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 100 საუკეთესო ღვინოში მოხვდა. თამთას რწმენით, წარმატების საწინდარია გამბედაობა, საქმისადმი ერთგულება, შრომის პატივისცემა, ენთუზიაზმი და შეუპოვრობა: “ყველაფერი ხალისით და სიყვარულით უნდა აკეთო”. ახალგაზრდა კოლეგებს ის ურჩევს, სწორად განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობები, არ შეუშინდნენ გამოწვევებს და იმუშაონ საკუთარ თავზე, რათა მეტად კონკურენტუნარიანები იყვნენ.

 

რუსუდან ნუცუბიძე – მასწავლებელი, რომელმაც გამოწვევები წარმატებად აქცია

რუსუდან ნუცუბიძე არის 55 წლის პროფესიით ქიმიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი და ამჟამად თბილისის N103 საჯარო სკოლის ქიმიის მენტორი მასწავლებელი. მისი პედაგოგიური საქმიანობა 30 წელზე მეტს მოიცავს და აერთიანებს როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებსა და სკოლაში. მისი პროფესიული გზა არ ყოფილა მარტივი – 90-იან წლებში აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ურთულეს პირობებში უწევდა მუშაობა, ფეხით დადიოდა ათეულობით კილომეტრს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტამდე, გაყინულ ლაბორატორიაში ელოდებოდა შუქის მოსვლას, რომ ექსპერიმენტი გაეგრძელებინა.

რუსუდანი თვლის, რომ მისი, როგორც ქალის, სიძლიერეს ყველაზე მეტად სიყვარულის უნარი განსაზღვრავს – სამყაროს, სიცოცხლის, სამშობლოს, ოჯახის, ადამიანების, მომავალი თაობების სიყვარული. მისი პროფესიული წარმატება ეფუძნება შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას, დედობით განმტკიცებულ შეუპოვრობას და ემპათიის უნარს. ახალგაზრდა ქალებს ის ურჩევს არასოდეს შეწყვიტონ განვითარებაზე ზრუნვა, რადგან “ქალი ღირებულებებისა და ფასეულობების საცავია, ქალი სრულყოფილი საზოგადოების დედაბოძია, განათლებული თაობებია, ძლიერი ოჯახია, ძლიერი სახელმწიფოა და ეს მხოლოდ მუდმივი განვითარების ვექტორით მიიღწევა.”

კომენტარის დატოვება