დეკემბერი 12, 2025 17:45

საინფორმაციო შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თემაზე ლიდერ ქალთა საზოგადოებაში

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, ლიდერ ქალთა საზოგადოებაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით.

ღონისძიება ორგანიზებულ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და კოლეჯ – საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის ერთობლივი ძალისხმევით.

საინფორმაციო შეხვედრაზე თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ძალადობის სხვადასხვა ფორმები და მათი ამოცნობის გზები, პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა და პრაქტიკული რეკომენდაციები, ცხელი ხაზების მუშაობის პრინციპები და ხელმისაწვდომობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებს ძალადობის საკითხებზე და მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომ სახელმწიფო სერვისებსა და მხარდაჭერის მექანიზმებს.

ღონისძიების მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალურ საკითხებზე, პრევენციის საჭიროებაზე და დაზარალებულთა დაცვის მექანიზმებზე. შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შეუძლიათ მიღებული ცოდნა გაავრცელონ თავიანთ გარემოცვაში.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი მსოფლიო კამპანია წელიწადში ერთხელ იმართება მთელ მსოფლიოში და მიზნად ისახავს ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის საკითხების აქტუალიზებას.

 

კომენტარის დატოვება