ნოემბერი 4, 2025 05:02

რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშემწყობი მუსიკალური საღამო №5 პენიტენციურ დაწესებულებაში

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, „ლიდერ ქალთა საზოგადოებისა” და საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისის” მხარდაჭერით, №5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში გულთბილი მუსიკალური საღამო გაიმართა. ღონისძიება მსჯავრდებულ ქალთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ემსახურებოდა.

საღამოს განმავლობაში შესრულდა მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები, რომლებშიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას თავად მსჯავრდებულ ქალებიც. ემოციური შესრულებები და გულწრფელი გარემო განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა დაწესებულებაში.

საღამოს დასასრულს, მსჯავრდებულმა ქალებმა სტუმრებს საკუთარი ხელით დამზადებული ნამუშევრები გადასცეს საჩუქრად, რაც მათი შემოქმედებითი პოტენციალისა და რესოციალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესის მაჩვენებელი გახდა.

„ლიდერ ქალთა საზოგადოება” და საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი” აცხადებენ, რომ გააგრძელებენ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მხარდამჭერ საქმიანობას. ორგანიზაციები აქცენტს აკეთებენ სისტემატური და გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ორგანიზატორები მადლობას უხდიან ღონისძიებაში მონაწილე მომღერლებს დათმობილი დროისა და ემოციური, გულწრფელი შესრულებისთვის. ლიდერ ქალთა საზოგადოების” წევრ ქალბატონებსა და შემოქმედებით გუნდს ლამაზი საღამოს ორგანიზებისთვის. დაწესებულების ადმინისტრაციას იმ შესაძლებლობისთვის, რომ მსჯავრდებულ ქალებს განსაკუთრებული დღე გადაეცათ

„ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო მსჯავრდებულთათვის”, – აღნიშნავენ ორგანიზატორები. „ყურადღება, თბილი დამოკიდებულება და ის დრო, რომელიც მათთან გავატარეთ, ნამდვილად ბევრს ნიშნავს იმ ადამიანებისთვის, ვინც რთულ პირობებში იმყოფება”.

ასეთი ღონისძიებები ცხადყოფს, რომ მსჯავრდებული პირები არ არიან დავიწყებული – მათ სჭირდებათ ადამიანური ყურადღება და მზრუნველობა, რაც რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

*ამ ტიპის სოციალური ინიციატივები პოზიტიურ გავლენას ახდენს როგორც მსჯავრდებულ პირთა რეაბილიტაციის პროცესზე, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე პენიტენციური სისტემის ჰუმანიზაციის საკითხში.

 

კომენტარის დატოვება