ნომინაციაში, “წლის წარმატებული ფლორისტი-2024” წარდგენილია, ლანა რუსეიშვილი
ლანა რუსეიშვილი პროფესიით ფიზიკა-მათემატიკოსია, თუმცა მისი ნამდვილი ცხოვრებისეული ოცნება ყვავილების მაღაზიის გახსნა იყო. 2020 წელს, კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში, ლანამ და მის მეუღლემ გადაწყვიტეს ეს ოცნება რეალობად ექციათ და მცირე ბიზნესი დაეწყოთ.
მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეკონომიკური ვითარება რთული იყო და მათ გარშემო ყველა სკეპტიკურად უყურებდა, ლანამ და მისმა მეუღლემ შეძლეს ფართის მოძიება ქუთაისში. ამისათვის თბილისში ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიაში პრაქტიკაც კი გაიარეს.
ლანას განსაკუთრებით ეშინოდა იმის გამო, რომ ქალი იყო. ხშირად ეჭვობდა, რეალურად შეძლებდა თუ არა ბიზნესის დაწყებას და წარმართვას. მაგრამ რაც უფრო მარტო რჩებოდა, მით უფრო მხნევდებოდა. ინვენთებზე, ქორწილების ორგანიზებისას და ყოველდღიური საქმიანობის დროს, ხშირად ძალიან მძიმე სამუშაოებს ასრულებდა – რკინების, სკამების და მაგიდების გადაადგილებას, ხანგრძლივ ღამეებს.
თუმცა, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ლანა ძალიან კმაყოფილია თავისი გადაწყვეტილებით და ამჟამად ქუთაისის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყვავილების მაღაზიის მფლობელია. იგი ძალიან ბედნიერია იმით, რომ კმაყოფილი მომხმარებლები ჰყავს და სანდო გუნდი.
ლანა თვლის, რომ დღევანდელ რეალობაში ქალის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ქალებმა უკვე მრავალჯერ დაამტკიცეს, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რაც ქალს არ შეუძლია. მისი რჩევაა: “გადადგით ნაბიჯი, დაიწყეთ, თუნდაც ეჭვი გეპარებოდეთ. სწორედ იმ ბრძოლის, იმედგაცრუებისა და გვერდით არდგომის შემდეგ ხდება ადამიანი ყველაზე ძლიერი.”