დეკემბერი 17, 2025 22:53

ნომინაციაში “წლის შთამაგონებელი ქალი სოციალურ საქმიანობაში – 2025” წარდგენილია ნინო გვეტაძე (ხუჯაძე)

ქალი, რომელმაც ტკივილი ძალად აქცია — ნინო გვეტაძის (ხუჯაძე) ისტორია

ნინო გვეტაძე პროფესიით ტურიზმის სპეციალისტია, თუმცა ცხოვრებისეულმა მოვლენებმა სრულიად სხვა გზაზე გადაიყვანა. დღეს ის მართავს შშმ პირებისა და მოხუცთა პანსიონატს — სივრცეს, სადაც მზრუნველობა, მოთმინება და ადამიანური სითბო ყოველდღიური სამუშაოს საფუძველია.

მოხუცებთან ურთიერთობა ნინოს ბავშვობიდანვე უყვარდა. თუმცა ამ პასუხისმგებლიანი და რთული საქმის დაწყებას მხოლოდ სიყვარული არ ეყო — სჭირდებოდა გამბედაობაც, რომელიც მის ცხოვრებაში მომხდარმა ტრაგედიამ მისცა.

მისი მეუღლის გარდაცვალებამ და იმ ღამემ, რომელმაც მისი პირადი ცხოვრება 2020 წლის 20 ოქტომბერს საბოლოოდ შეცვალა, რადიკალური ცვლილებები გამოიწვია მის ცხოვრებაში. იმ პერიოდში აღმოჩნდა მარტო, შვილების პასუხისმგებლობის წინაშე. ემიგრაციაში წასვლა მისთვის შეუძლებელი იყო — შვილებს ვერავის დაუტოვებდა.

სწორედ მაშინ გადაწყვიტა, საკუთარი ძალებით შეექმნა საქმე, რომელიც ამავე დროს მის შინაგან სამყაროსთანაც იქნებოდა დაკავშირებული. მისი საქმიანობა ბანკის სესხით დაიწყო. სხვა გზა არ ჰქონდა — აუცილებელი იყო რაღაც შესცვლოდა და ნაბიჯი გადაედგა.

ნინო აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვერასდროს მიიღებდა, რომ არა მისი რთული ცხოვრებისეული გზა. მრავალი სირთულე — მარტოობა, სიდუხჭირე, სასოწარკვეთა — მაინც ვერ გახდა მისი დამამარცხებელი. როგორც თავად ამბობს, უფლის წყალობით, მან გადალახა ყველა ბარიერი.

მისი მოტივაციის მთავარი წყარო მისი შვილი ნიკოლოზია. ეს არის მიზეზი, რის გამოც არ ჩერდება, აგრძელებს ბრძოლას, მუშაობას, სწავლას და კარიერულ წინსვლას.

ნინოს კარგად ახსოვს პერიოდი, როცა მეუღლის დაკრძალვის შემდეგ ბავშვს ფსიქოზური აშლილობა დაემართა და კომაში ჩავარდა. ის მუშაობდა მსგავს დაწესებულებაში, სადაც ორი თვის ხელფასი ასაღები ჰქონდა, მაგრამ პანდემიის გამო ყველაფერი ჩაკეტილი იყო. არ ჰქონდა შვილის მკურნალობისათვის ფული სახსრები ჩაედო. სწორედ ამ მდგომარეობამ უბიძგა, სამუდამოდ შეცვლოდა ცხოვრება და დამოუკიდებლად შეექმნა გზა, რომელიც აღარასოდეს იქნებოდა სხვის კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

დღესაც მადლობას უგზავნის თავის ყოფილ უფროსს — ამბობს, რომ მისი უსამართლო დამოკიდებულება რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა დღემდე იმავე მდგომარეობაში დარჩენილიყო და ვერასდროს მოეხერხებინა ის, რაც დღეს აქვს: საკუთარი ბიზნესი, დამოუკიდებლობა და ღირსეული გზა.

ნინოსთვის „იყო უფროსი“ არ ნიშნავს მაღლიდან ყურებას. ყოველდღე ცდილობს იმის გააზრებას, რომ თავადაც ჩვეულებრივი ადამიანი, რიგითი მოკვდავია. მისთვის მთავარია, თანამშრომლებს მოუსმინოს, გაუგოს და მათ გვერდით იდგეს.

მისი მუშაობის სტილი ერთ ძირითად მოსაზრებას ეყრდნობა: თუ საქმის სიყვარულით აკეთებ, ყოველთვის გამოგივა.

ნინო არ აპირებს გაჩერებას. აქვს უამრავი გეგმა, უამრავი მიზანი და სამსახურის განვითარების ხედვა. იგი სწავლობს, ვითარდება და მუდმივად ეძებს უკეთეს გზებს იმისთვის, რომ მისი პანსიონატი იყოს ადგილი, სადაც ადამიანებს სითბო და ყურადღება არ აკლდებათ.

მისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული არის სახელი — კეთილი, სანდო და პატივისცემით აღქმული სახელი. ეს არის ის, რასაც მთელი ძალით ინარჩუნებს.

ნინოს რჩევა ყველასთვის, ვინც ცხოვრების რთული ეტაპის წინაშე დგას, ასეთია: უნდა იყო მომთმენი, შრომისმოყვარე და აუცილებლად აგიხდება ყველა დასახული მიზანი.

მისი ცხოვრება არის მაგალითი იმისა, რომ ტკივილი შეიძლება გადაიქცეს ძალად; რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობამ შეიძლება გახსნას კარი სრულიად ახალ გზაზე; და რომ ადამიანი, რომელსაც საკუთარი შვილები, სითბო და რწმენა ამოძრავებს, ნამდვილად შეძლებს საკუთარი მიზნის მიღწევას.

 

კომენტარის დატოვება