ნომინაციაში “წლის შთამაგონებელი ქალი მეწარმეობასა და თვითგანვითარებაში – 2025” წარდგენილია ქეთევან ბაქრაძე
ქალი, რომელმაც სილამაზის სფეროში ახალი მიმართულება შექმნა — ქეთევან ბაქრაძის ისტორია
ქეთევან ბაქრაძე უკვე ექვსი წელია წამწამების ღეროვანი დაგრძელების, ასევე წარბებისა და წამწამების ლამინირების სპეციალისტია. მისი გზა სილამაზის სფეროში პანდემიის პერიოდს უკავშირდება — მაშინ, როცა პარალელურად სწავლობდა უნივერსიტეტში, პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. ორი პროფესია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, თუმცა საბოლოოდ სწორედ ესთეტიკის მიმართულებებში დაინახა საკუთარი თავის ყველაზე წარმატებული ვერსია.
დიდი გამოწვევა იყო ის, რომ მის ქალაქში, ხაშურში, მსგავსი სერვისი საერთოდ არ არსებობდა. ქეთევანი იყო პირველი, ვინც ამ პროცესების შეთავაზება დაიწყო და საკუთარი ძალით გახადა პოპულარული. მისი სამუშაო საათები, ენერგია და დაუღალავი შრომა მალე დაფასდა — დღეს უკვე ჰყავს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი და ნიჭიერი მოსწავლეები, რომლებიც მის მიერ დაწყებულ გზას აგრძელებენ.
ყველა პროფესიული სირთულე მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ყოველი დაბრკოლება ის იყო, რაც უკეთეს და უფრო წარმატებულ სპეციალისტად აქცევდა. განვითარება, მუდმივი სწავლა და სიახლის ძიება მისი პროფესიული გზის მთავარი მიმართულებებია.
მისი ყველაზე დიდი ბიძგი და მოტივაცია მისი შვილია. ასევე ის „პატარა მე“, რომელიც ბავშვობაში დიდ ოცნებებს ატარებდა და ზუსტად იმას აკეთებს დღეს, რაზეც ერთ დროს ოცნებობდა. ქეთევანი ცდილობს, საკუთარი მაგალითით აჩვენოს შვილს, რა მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებლობას, სიძლიერეს, შრომისმოყვარეობას და მიზნისკენ სვლას.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი იყო ფეხმძიმობის დრო, როდესაც ახალი ფართი დაიქირავა, ხარჯები გაიზარდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუშაობა ვეღარ შეძლო. მას აშინებდა აზრი, რომ ყველაფერს დაკარგავდა: ფინანსებსაც და მომხმარებლებსაც. თუმცა ყველაფერი დალაგდა — შვილის დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ უკვე შეეძლო მოსწავლეების მიღება, ხოლო მუშაობა მალე სრული დატვირთვით განაახლა. მიუხედავად ათთვიანი პაუზისა, მისი ერთგული მომხმარებლები მას აღტაცებით დაუბრუნდნენ — მისი შრომა და სიყვარული მათთვის შეუცვლელი აღმოჩნდა.
ქეთევანისთვის ერთ დროს შეუძლებელი ჩანდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლა, თუმცა ესეც. ეს გამოცდილება მის პროფესიულ გზაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წინსვლა იყო.
მისი კრედო მარტივია: მუდმივი სიახლის ძიება, არასდროს მოდუნება და ფრთხილად, ჩუმად სიარული დიდი მიზნისკენ. დიდი მიზანი უკვე აქვს, თუმცა ჯერ არ ამხელს — სურს, მანამ არ დაასახელოს, სანამ არ მიაღწევს.
ქეთევანი თვლის, რომ მისი და მომხმარებლების ურთიერთობა ჩვეულებრივი მომსახურება არაა — ეს ხელოვნებაა. ის არამარტო ემსახურება მათ, არამედ მათი ერთგული მეგობარიც ხდება. ხშირად ეუბნებიან, რომ მათი მოტივატორია, რადგან ხედავენ: ცხოვრებისეულ სირთულეებს, სწავლის, უნივერსიტეტის, ოჯახური პასუხისმგებლობებისა და სამსახურის ერთდროული რეჟიმის მიუხედავად, ის მაინც არ ჩერდება.
მხარდაჭერა განსაკუთრებით მისი ოჯახისგან მოდის — ამბობს, რომ ისინი რომ არა, ბევრ რამეს ვერ შეძლებდა.
ქეთევანი დიდი მადლიერებით იხსენიებს მეგობარს, რომელიც საზღვრებს გარეთ ამავე პროფესიაში მოღვაწეობს და მისი უდიდესი გულშემატკივარია.
მისი სურვილია, შექმნას საკუთარი სივრცე — ისეთი ზღაპრული, როგორიც წარმოუდგენია, რადგან ამ ეტაპზე სახლში მუშაობს და სურს სივრცე, რომელიც მისი ხედვის სრულ გამოხატულებად იქცევა.
დამწყებ სპეციალისტებს ურჩევს დაისახონ მიზანი, რომ გახდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები და არ შეუშინდნენ სირთულეებს — ყოველი მათგანი გამოწვევაა, რომელიც ადამიანის ზრდას განსაზღვრავს.
ქეთევანი მუდმივად იღებს მონაწილეობას ტრენინგებსა და კურსებში, რათა კარიერულ წინსვლას მტკიცე საფუძველი შეუქმნას. მისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც მატერიალური წარმატება, ისე ცნობადობა — მისი კარგი სახელი მისი პრესტიჟია.
ქეთევან ბაქრაძე არის ქალი, რომელსაც არ ეშინია ახალი გზების, მუდმივად ისწრაფვის, რომ იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინ — თავისი შვილისთვის, მომხმარებლებისთვის და საკუთარი ოცნებისთვის.



