ნოემბერი 23, 2024 03:30

ნომინაციაში “წლის სანდოობა და ხარისხი 2024” წარდგენილია სოფიო არჯევანიძე

ლიდერ ქალთა საზოგადოება წარმოგიდგენთ კიდევ ერთ უძვირფასეს, უმშვენიერეს ქალბატონს, რომელიც პროფესიით ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი გახლავთ. ეს ქალბატონი სოფიო არჯევანიძეა.

ქალბატონი სოფიიო ეცნობა საზოგადოებას, გვიყვება თავისსა და თავისი საქმიანობის შესახებ…

-ბაკალავრი პოლიტიკის მეცნიერებების განხრით დავამთავრე და გავაგრძელე სწავლა  ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტის მიმართულებით. უნდა აღვნიშნო, რომ ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ნამდვილად იქცა ჩემს საყვარელ საქმიანობად. ვფიქრობ, ეს ისაა, რისი კეთებაც მავსებს , მაბედნიერებს, კარგად გამომდის და თავს წარმატებულ ქალად მაგრძნობინებს. რაც შეეხება ლაბორატორიას…. რატომღაც სკოლის დამთავრების შემდეგ, მუდმივად ვმუშაობდი სამედიცინო მიმართულებით ფუნქციონალურ დაწესებულებებში, რამაც საკმაოდ დიდი გამოცდილება შემძინა ამ მიმართულებით  და რაც მთავარია, გამაცნო ძალიან კარგი სპეციალისტები, რომლებიც საბოლოო ჯამში „საკუთარის“ შექმნის მოტივაციად იქცნენ .

დღეს კი ჩვენ უკვე ვართ „შენი სამედიცინო ლაბორატორიის“ ის საუკეთესო გუნდი, რომელიც სულ მალე ,  აუცილებლად „დაიპყრობს მწვერვალებს“.

ის რომ ქალი ხართ, რამდენად გიწყობთ ხელს თქვენი საქმიანობის წარმართვაში….

-ვფიქრობ, რომ  ჩემთვის სქესის ფაქტორს დიდად არც შეუშლია და არც შეუწყვია ხელი ჩემს საქმიანობაში. როგორც წესი, არ მოველი ხოლმე, ვინმეს მხრიდან სქესის გათვალისწინებას დადებით ან უარყოფით ასპექტში და აქედან გამომდინარე შესაძლოა ბევრი რამ შეუმჩნეველი მრჩება.

გაგვიზიარეთ რთული სიტუაცია, რომელიც შეგხვდათ თქვენს კარიერაში ან ბიზნესში და როგორ გადალახეთ იგი. რა ისწავლეთ ამ გამოცდილებიდან?

-რთული სიტუაციები პროფესიულ საქმიანობაში არაერთი ყოფილა, თუმცა ყველაზე მეტად მგრძნობიარე დაუფასებლობის მიმართ ვარ ხოლმე. გამოცდილებამ მასწავლა, რომ საკუთარი თავის, პროფესიისა  და დროის დაფასება საუკეთესო რამაა, რაც კი საკუთარ თავს შეგიძლია გაუკეთო. ფაქტობრივად საკუთარი თავის დაფასება და აღიარება სხვისგან იმავეს მიღების გარანტია.

რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად? რომელი მიღწევით ან პროექტით ხართ ყველაზე მეტად ამაყი თქვენს პროფესიულ მოგზაურობაში და რა გავლენა იქონია მან საზოგადოებაზე?

-ჩემს მთავარ მიღწევად სწორი ადამიანების შემჩნევას, მათ დაფასებას და საერთო მიზნის მისაღწევად სავალ გზაზე გაერთიანებას ვთვლი. ჩემთვის მთავარი სწორი ურთიერთობების შექმნაა და ის რომ, ლაბორატორიის თანამშრომლებს სამსახურში მოსვლა, ერთმანეთის დანახვა, შრომა და კომპანიის წარმატება უხარიათ ჩემთვის ყველაზე საამაყო რამაა.

გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში.

-გენდერული თანასწორობა, დღესდღეობით,  ნამდვილად აქტუალური თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კანონი მოწმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას,  თანამედროვე საზოგადოება,  მაინც ძველმოდური სტერეოტიპებით შეპყრობილი რჩება.

სამწუხაროდ, ქალის როლის წინ წამოწევა როგორც წესი უფრო ფასადურია ხოლმე, ვიდრე სწორად გააზრებული საზოგადოების მხრიდან.  საბედნიეროდ, მე ისეთ გარემოში მიწევს ყოფნა, სადაც ჩემი წარმატება ძირითადად უხარიათ, თუმცა არიან ჩემს ირგვლივ ადამიანები, რომელთაც უწევთ გაუმკლავდნენ საზოგადოების „დამახინჯებულ“ იდეოლოგიას, ქალის როლის გარშემო.

რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

-ერთადერთ რამეს ვურჩევ არა მხოლოდ ქალებს, არამედ ზოგადად ადამიანებს, რომლებიც თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამენ …

მეგობრებო, კარგად დაფიქრდით რა გინდათ ? და მას შემდეგ რაც ამ კითხვაზე გულწრფელ პასუხს მიიღებთ თქვენი თავისგან, ყველაფერი გააკეთეთ თქვენი სურვილის ასასრულებლად.

დაივიწყეთ შიშები, სხვების მხრიდან წამოსული უარყოფითი შეხედულებები და ყველა სხვა წინაღობა, რომელსაც ცხოვრება არაერთხელ მოგიმზადებთ.

წარმატების გასაღები ნამდვილად დიდ სურვილსა და  საკუთარი თავის რწმენაშია. ბოლომდე ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს , იმისთვის რომ აღმოჩნდეთ იქ სადაც გინდათ რომ იყოთ.

კომენტარის დატოვება