ნომინაციაში “წლის მენტორი და ახალგაზრდების განვითარების მხარდამჭერი – 2025” წარდგენილია გვანცა ქუმსიაშვილი
ქალი, რომელმაც საკუთარი აკადემია ნულიდან შექმნა — გვანცა ქუმსიაშვილის ისტორია
გვანცა ქუმსიაშვილის მთავარი პროფესია დღეს სამი შვილის დედობაა, ხოლო მისი მეოთხე „შვილი“ არის GK Academy — საგანმანათლებლო სივრცე, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. მისი კარიერული გზა ტოლფასია დიდი შრომის, სწავლის, მრავალფუნქციური რეჟიმებისა და საკუთარ შესაძლებლობებზე დაუღალავი მუშაობის.
სტუდენტობის პირველივე წლებში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — მათემატიკის ფაკულტეტი, მეორადი სპეციალობა — ეკონომიკა) გვანცას ცხოვრება მოიცავდა უნივერსიტეტს, სასწავლო ცენტრებში მუშაობას, კერძო გაკვეთილებს და საღამოს — ბანკში ღამის ცვლას. ეს იყო წლები, როცა ერთი დღე სამ სხვადასხვა საქმიანობას იტევდა და სწორედ ამ გზამ ჩამოაყალიბა ის სამუშაო ეთიკა, რომელიც დღეს აქვს.
დაოჯახებას პანდემიის წლები დაემთხვა, ამიტომ მეორე და მესამე შვილები დისტანციური რეჟიმის პარალელურად აღზარდა. ეს პერიოდი იყო რთული, ენერგოემოციურად დამღლელი, მაგრამ ამავდროულად პრერომა, რომელმაც გადაწყვეტილება მიაღებინა: თუ მასწავლებლობა მისი საყვარელი საქმეა, რატომ არ უნდა გახდეს ის მთავარი შემოსავლის წყარო?
ამ შეკითხვამ წარმოშვა იდეა — შექმნილიყო GK აკადემია.
2022 წლის 16 იანვარს — საკუთარი დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე — გვანცამ ფართის გასაღები გადმოიბარა. ეს იყო მისი პირადი საჩუქარი საკუთარ თავისათვის. მაშინ ის მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ და ღამის ცვლაში მუშაობის შემდეგ აკადემიაში მიდიოდა, რათა გაკვეთილები ჩაეტარებინა. ამ საქმეში დებდა მთელ შრომას, სიყვარულსა და იმედს. ოჯახის დახმარებითა და ერთი მასწავლებლით გახსნილი აკადემია დღეს უკვე ათ კოლეგასა და მრავალ მოსწავლეს აერთიანებს.
ნებისმიერ სფეროში ფეხის მოკიდება რთულია, მაგრამ საგანმანათლებლო სფეროში — განსაკუთრებით. შედეგი, რეკომენდაციები, მშობლების ნდობა და კონკურენტული გარემო აქ უმნიშვნელოვანესია. გვანცამ ეს ყველაფერი პატიოსანი და დაუღალავი შრომით მოიპოვა.
მისი ძლიერი მხარეებია პედაგოგიური გამოცდილება, კვალიფიკაცია (7–12 კლასების სერთიფიცირებული გამოცდის ჩაბარება), ახსნის მარტივი სტილი, კომუნიკაციის მაღალი უნარი და საგნის სიყვარული — სურვილი, რომ სხვებსაც შეაყვაროს მათემატიკა. როგორც სამი შვილის დედა, ის მშობლების საჭიროებებსაც შინაგანი ინტუიციით ხედავს.
გვანცას მიზანი მხოლოდ მოსწავლეების ცოდნის ზრდა არაა — ის ქმნის ჯანსაღ გარემოს, რადგან მტკიცედ სჯერა: ჯანსაღ თაობას ჯანსაღი გარემო აყალიბებს. ამიტომ საკუთარ კოლეგებს უფროსად არ მიიჩნევს — პირიქით, ფიქრობს, რომ ისინი არიან მისი უფროსები, რადგან მათი კმაყოფილება და მოტივაცია არის აკადემიის მთავარი ძალა.
ის ზრუნავს მათზე, რადგან ქმნის ისეთ სამუშაო გარემოს, სადაც ადამიანებს სიამოვნებით შეუძლიათ მუშაობა. გვანცასთვის გუნდი არის ყველაფერი — ნებისმიერი ორგანიზაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა.
ოჯახისა და მშობლების ხელშეწყობით გვანცა დიდ დროს ატარებს აკადემიაში. თუმცა აქვს მკაფიოდ გაწერილი საათები, რის შემდეგაც მთლიანად ოჯახს, ქმარსა და შვილებს უთმობს დროს.
მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო საბანკო სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა. მაშინ, ახალგაზრდა და გამოუცდელი გოგონა, სწავლობდა სირთულეების გადალახვას, სადაც მან გააცნობიერა კოლეგიალობისა და ადამიანური ურთიერთობების უზარმაზარი ძალა.
გვანცა დიდ მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებმაც ხელი გაუწოდეს: სოფო დარჩიას, მარიამ ბიბიჩაძესა და მარიკა ბოჭორიშვილს. როგორც თვითონ ამბობს — მათ „გამოზარდეს“. მათი ზრუნვა და მხარდაჭერა დღესაც განსაკუთრებულად ახსოვს.
მომავლის გეგმებზე წინასწარ საუბარს არ ისურვებს, თუმცა აუდიტორიას არ უმალავს: აკადემიის ფილიალების გახსნა მისი ბუნებრივი ნაბიჯებია.
მისი წარმატების საიდუმლოა რეალური მიზნები, გარემოებების ობიექტური შეფასება, შრომა და იმედი. გვანცა თვლის, რომ როგორც მას, ისე ყველა პედაგოგს სჭირდება სწავლა, ტრენინგებში მონაწილეობა, ვებინარების გავლა. გაკვეთილის შემდეგ უნდა შეაფასოს, რა გამოვიდა კარგად და რა შეიძლება უკეთესად გამოსულიყო. მოსწავლეების და მშობლების მოსმენა კი უორმაგებს სწორ თვალსაზრისს საკუთარი საქმიანობის მიმართ.
გვანცა გვიჩვენებს, რომ კარიერა მხოლოდ პროფესიული მიღწევების ერთობლიობა არ არის. ეს არის გზა, რომელსაც ადამიანი აკავშირებს საკუთარი ძალით შექმნილ შესაძლებლობებთან, ადამიანებთან, ვისაც ის ეხმარება რომ გაიზარდოს და ოჯახთან, რომელიც მისი მოტივაციის ძირითადი წყაროა.
GK აკადემია დღეს სწორედ ასეთია — სიყვარულით, შრომით, ადამიანებითა და იმედით სავსე, რომელიც გვანცა ქუმსიაშვილს ყოველდღე მიჰყავს ახალ სიმაღლემდე.
