ნოემბერი 21, 2024 10:31

ნომინაციაში “წლის ინოვაციური სტარტაპი ფლორისტიკაში”-2024, წარდგენილია ფიქრია გვაზავა

ფიქრია გვაზავა პროფესიით ეკონომისტ-მენეჯერია, მისი პირველი შეხება ყვავილებთან ყვავილების მაღაზიაში ადმინისტრატორის პოზიციაზე იყო, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ნაბიჯი მის ცხოვრებას სრულიად ახალ მიმართულებას მისცემდა.
მისი თვალი ყოველთვის მიმართული იყო ფლორისტების ნამუშევრების უნიკალურ დეტალებზე და ერთ დღესაც გაბედა და საკუთარი ხედვით თაიგულის შექმნა მოისურვა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობა უარყოფითად შეფასდა, ამ გამოცდილებამ მასში მხოლოდ მეტი მოტივაცია გააღვივა. ნაცვლად იმისა, რომ დანებებულიყო, მან გადაწყვიტა საკუთარი გზა გაეკვალა ფლორისტიკის სამყაროში. დაიწყო ონლაინ კურსებით, როდესაც თავდაპირველად საკუთარი სეკატორის შეძენაც კი უჭირდა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ აგროვებდა საჭირო ხელსაწყოებს.
ფიქრიას კარიერის დასაწყისში, დიდ მაღაზიაში მუშაობისას, ხელები უკანკალებდა ყოველი ყვავილის აღებისას, მაგრამ უფროსი ფლორისტის სიტყვებმა: “შენ ისეთ ფერებში ხედავ, არასდროს უნდა დატოვო ყვავილები” – მისცა სტიმული განვითარებისთვის. ის სწრაფად მიხვდა, რომ ფლორისტიკაში არსებობს რაღაც, რასაც ვერ გასწავლიან – ეს არის ხედვა, ესთეტიკურობისა და ფერების აღქმა, თუმცა ყველაფერი დანარჩენი შესაძლებელია ისწავლო.
დღეს ის საკუთარ ონლაინ ბიზნესს მართავს, სადაც ქმნის უნიკალურ სადღესასწაულო და საქორწილო თაიგულებს. მისი განმასხვავებელი ნიშანია მინიმალური დეკორატიული ელემენტების გამოყენება – არ იყენებს ზედმეტ ქაღალდს, რადგან სჯერა, რომ ყვავილის ბუნებრივი სილამაზე თავად უნდა მეტყველებდეს.
როგორც თავად ფიქრია ამბობს: “ჩვენ ქალებს ყველაფერი შეგვიძლია, მთავარია ეს ჩვენ მოგვწონდეს და გვიხაროდეს.” მისი გზავნილი ყველა ქალბატონისთვის მარტივია – თითოეული მათგანი, როგორც ყვავილი, განსაკუთრებულია და აქვს ძალა გააფერადოს სამყარო საკუთარი ნიჭით.

კომენტარის დატოვება