დეკემბერი 16, 2025 20:02

ნომინაციაში “წლის გამორჩეული ქალი ბიზნესში და სტრატეგიულ მართვაში – 2025” წარდგენილია ნადია ხაჩირაშვილი

ქალი, რომელმაც იურიდიული ცოდნა სტრატეგიულ ბიზნესად აქცია — ნადია ხაჩირაშვილის ისტორია

ნადია ხაჩირაშვილი პროფესიით იურისტია და დღეს ორი დამოუკიდებელი კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ერთი კომპანია იურიდიულ მომსახურებას ეწევა, მეორე კი — საბაჟო მომსახურებას. მისი პროფესიული გზა მრავალფეროვანი გამოცდილებით, გაბედული გადაწყვეტილებებითა და მუდმივი განვითარების სურვილით არის გამორჩეული.

ნადიას პირველი სერიოზული ბიზნესნაბიჯი 20 წლის ასაკში გადადგა, როდესაც ბლოკის ქარხანა შექმნა. ეს ეტაპი მისი წარმატების ერთ-ერთ ზენიტად იქცა და სწორედ აქედან დაიწყო მისი ინტერესის გაღრმავება ბიზნესისა და პროცესების მართვის მიმართულებით. მოგვიანებით მან ყურადღება საბაჟო სფეროსკენ გადაიტანა და ეტაპობრივად ჩამოაყალიბა საქმიანობა, რომელიც დღეს უკვე 50-მდე კომპანიას აერთიანებს საბაჟო, იურიდიული და ბუღალტრული მომსახურების ფარგლებში.

დღეს ნადიას აქვს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კომპანია: ერთი სრულად საბაჟო მომსახურებაზეა ორიენტირებული, ხოლო მეორე იურიდიულ მომსახურებას უწევს როგორც კერძო, ისე კორპორატიულ კლიენტებს. მისი მუშაობის სტილი ეფუძნება სიზუსტეს, დეტალებზე ყურადღებას და საქმის სიღრმისეულ ანალიზს. როგორც თავად ამბობს, დოკუმენტებთან მუშაობა ყოველთვის უყვარდა და საბაჟო სფერო აღმოჩნდა ის მიმართულება, სადაც „ფურცლებში ქექვა“ არა მხოლოდ საჭირო, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

ნადიასთვის თითოეული ქეისი უნიკალურია. მის პრაქტიკაში არ არსებობს „მსგავსი საქმეები“ — ყველა საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს, რაც თავად მიაჩნია თავისი პროფესიული წარმატების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად.

კარიერისა და ბიზნესის გზაზე არაერთი რთული პერიოდი ჰქონდა, თუმცა დღეს დარწმუნებით ამბობს, რომ ყველა წინაღობამ მას გამოცდილება შესძინა და უფრო ძლიერი გახადა. მისთვის სირთულე არის არა შეჩერების მიზეზი, არამედ ბიძგი წინსვლისკენ. როცა დაბრკოლებას ხვდება, დარწმუნებულია, რომ საკუთარი ძალა და სიძლიერე დაეხმარება მის გადალახვაში.

ნადიას ცხოვრებაში იყო ეტაპიც, როცა წლების განმავლობაში შექმნილ საქმეს ხელი გადაასვა და ყველაფერი ნულიდან დაიწყო სრულიად სხვა მიმართულებით. სწორედ ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და წარმატებული ნაბიჯი დღევანდელი გადმოსახედიდან.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში მისი მიზანია კომპანიების კიდევ უფრო გაფართოება, თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა და მომსახურების მასშტაბის გაძლიერება.

ნადია მუდმივ განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს — რეგულარულად ესწრება ტრენინგებს, რათა არ ჩამორჩეს სიახლეებს და კიდევ უფრო გააღრმავოს პროფესიული გამოცდილება. მისი რჩევა დამწყებთათვის მარტივი და გულწრფელია: ისწავლეთ ის პროფესია, რომელიც ნამდვილად გაინტერესებთ და გიყვართ, რადგან საქმე, რომელსაც სიყვარულით აკეთებ, ყოველთვის წარმატების საწინდარია.

მისთვის წარმატება მხოლოდ მატერიალური ან მხოლოდ პროფესიული მიღწევა არ არის — ეს ორი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ერთმანეთს ავსებს.

ნადია ხაჩირაშვილი არის ქალი, რომელმაც გაბედა ნულიდან დაწყება, პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი პროფესიული ხედვის რეალურ ბიზნესად ქცევა. მისი ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორი მიმართულება, შრომა და საკუთარი თავის რწმენა ნებისმიერ სირთულეს წარმატებად აქცევს.

 

კომენტარის დატოვება