დეკემბერი 13, 2025 03:13

ნომინაციაში “წლის გამორჩეული ქალი ინოვაციებსა და წარმოების განვითარებაში – 2025” წარდგენილია მაია უდუმაშვილი

ქალი, რომლის კარიერა მოგზაურობას ჰგავს — მაია უდუმაშვილის ისტორია

მაია უდუმაშვილის პროფესიული გზა მართლაც ჰგავს დიდ და მრავალფენოვან მოგზაურობას. ყოველი ეტაპი, ახალი პროექტი და მიღებული გამოცდილება მის კარიერაში არის კიდევ ერთი საფეხური, კიდევ ერთი გამოწვევა და კიდევ ერთი შესაძლებლობა. მისთვის კარიერა მხოლოდ საქმიანობა კი არა, ადამიანებთან ურთიერთობების, ახალი იდეების და დაუვიწყარი გამოცდილებების დაგროვების გზა გახდა.

კარიერის დასაწყისშივე მისი კომპანია დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი გახდა. მაია მადლიერებით ახსენებს ბატონ ელგუჯა მელაძეს, რომლის მხარდაჭერამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიის გამყარებასა და განვითარებაში.

მაიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირადი სიამაყე მისი შვილია — მოსწავლე, რომელმაც ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის საერთაშორისო სკოლა და ახლა მაღალი აკადემიური მოსწრებით სწავლობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ფინანსებისა და აუდიტის სპეციალობით.

თუმცა მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, რომლის გახსენებაც დღესაც უჭირს. ეს არის „შავი ლაქა“, როგორც თავად უწოდებს — ეტაპი, რომელმაც ოჯახს და კარიერას დიდი დარტყმა მიაყენა. მიუხედავად რთული გამოცდილებისა, მაიამ და მისმა ოჯახმა შეძლეს ცხოვრების გაგრძელება, მუშაობის აღდგენა და ნოლიდან ხელახლა წამოდგომა.

მაიას 25-წლიანი გამოცდილება არის მისი პროფესიული სტაბილურობის საფუძველი. მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი ღირებულება თანამშრომლებთან დამოკიდებულებაა. მის კომპანიაში სამუშაო გარემო არის ოჯახური ფასეულობების გაგრძელება — ადამიანურობა, ერთგულება, ერთმანეთის მხარდაჭერა და გუნდური მუშაობის პრინციპი. ამ მიდგომამაც განაპირობა ის, რომ კადრების ცვლა კომპანიაში ყოველთვის მცირე იყო.

მაიას დღემდე აქვს თბილი და მეგობრული ურთიერთობა ყოფილ თანამშრომლებთანაც — რაც, პროფესიული ეთიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნიშნულია.

მისი კარიერა მრავალი პროექტით არის გამორჩეული. როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებისთვის განხორციელებული სამუშაოები მისი კომპანიის გამოცდილების ნაწილია. განსაკუთრებით ფერადი მოგონება უკავშირდება თბილისის მერიის კონკურსს „თბილისური საჩუქარი“, სადაც მაიას გუნდმა სპეციალურად დამზადებული სუვენირული ნიმუშით საპატიო ადგილი დაიკავა. ნამუშევარი შეტანილია ამავე სახელწოდების წიგნში და გუნდს ფულადი ჯილდოც გადაეცა.

მაია ცდილობს თანამშრომლებისთვის შექმნას კეთილგანწყობილი, მშვიდი და არასტრესული გარემო. ის მაქსიმალურად ცდილობს, ყველას დაეხმაროს — ისევე, როგორც თავად იღებს მხარდაჭერას მათგან.

მის გვერდით დგას მეუღლე — ადამიანი, რომელთან ერთადაც ბიზნესი შეუღლებამდე დაიწყო. ისინი ერთად ზრდიდნენ როგორც ოჯახს, ისე კარიერას — ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომითა და ურთიერთპატივისცემით.

ამ ეტაპზე მაია გეგმავს ტექნიკის განახლებას და თანამედროვე მოწყობილობებით ჩანაცვლებას, რათა სამუშაო პროცესი უფრო ეფექტური და ხარისხიანი გახდეს.

მაიას რჩევა ახალგაზრდებისთვის მარტივი და მკაფიოა: არ შეუშინდეთ სირთულეებს, იმუშავეთ სიყვარულითა და მაქსიმალურად დაეუფლეთ პრაქტიკულ ცოდნას. რამდენიმე წლის წინ მან ერთ-ერთ კოლეჯის სტუდენტებს სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზა პრაქტიკული კურსი. თერთმეტი მოსწავლიდან მხოლოდ სამმა გაიარა სრული პროგრამა და დღეს ისინი წარმატებით არიან დასაქმებული — საკმაოდ კარგი ანაზღაურებით. ეს მაგალითი მის აზრს კიდევ ერთხელ ამტკიცებს: პროფესია უნდა გიყვარდეს, რომ შეძლო მასში განვითარება.

მაია მუდმივად ეცნობა ახალ მასალებს, სწავლობს მათი გამოყენებისა და დამუშავების ტექნიკას. თანამედროვე ონლაინ პლატფორმები ამ პროცესში დიდ დახმარებას უწევს.

მისთვის პროფესიული წარმატება მოიცავს როგორც მატერიალურ სტაბილურობას, ისე ადამიანებთან კომუნიკაციას და საინტერესოს პროდუქციის შექმნას.

სირთულეების გადაწყვეტის განსაკუთრებული მაგალითი არ ახსენდება, თუმცა აქვს ერთი წიგნი, რომელსაც მუდამ კითხულობს: პაულო კოელიოს „ალქიმიკოსი“. მისი აზრით, ეს ნაწარმოები მიზნისკენ სვლის, ოცნებების რეალიზებისა და ცხოვრებისეული გზავნილების მთავარი სიმბოლოა. მაია ხშირად ამბობს: დიდი წარმატება პატარა ნაბიჯებით იქმნება — ზუსტად ისე, როგორც დიდი კონფლიქტები პატარა წყენებიდან იწყება.

ეს არის ქალი, რომელმაც 25-წლიანი პროფესიული გამოცდილება არა მხოლოდ კარიერად, არამედ ადამიანურ ურთიერთობებად, სითბოსა და გუნდურ ძალად აქცია. ქალი, რომელიც დღესაც სწავლობს, ვითარდება და მომავალს სიზუსტითა და სიყვარულით გეგმავს.

კომენტარის დატოვება