დეკემბერი 17, 2025 03:45

ნომინაციაში “წლის გამორჩეული ქალი საჯარო მმართველობასა და სახელმწიფო პოლიტიკაში – 2025” წარდგენილია თამთა მეგრელიშვილი

ქალი, რომელიც პროფესიონალიზმსა და საჯარო პასუხისმგებლობას ერთ გზად აქცევს — თამთა მეგრელიშვილის ისტორია

თამთა მეგრელიშვილი ფლობს ორ პროფესიას — სამართალმცოდნეობასთან ერთად აქვს დოქტორის ხარისხი საჯარო მმართველობის მიმართულებით.

იგი არის პოლიტიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი, პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ წევრი და საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ აპარატის უფროსი.

მის პროფესიულ გამოცდილებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აკადემიურ საქმიანობას. თამთა კითხულობდა სამართლის სხვადასხვა დარგს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე მიწვეული ტრენერის რანგში ჩაუტარებია არაერთი ტრენინგი სხვადასხვა თემაზე და არის არაერთი სასწავლო მოდულის ავტორი. მის ანგარიშზეა მრავალი პროექტი, მათ შორის საერთაშორისო დონეზეც — პროექტის ფარგლებში ევროსაბჭოსთან ერთად მუშაობდა ეთიკის კოდექსზე. ასევე მონაწილეობდა საერთაშორისო კვლევებში გამოხატვის თავისუფლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თემებზე.

მისი კარიერული გზა ადრეული ასაკიდანვე გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. 19 წლის ასაკში დაოჯახდა და შვილის აღზრდას სწავლასთან უთავსებდა, თუმცა წარმატებით გაიარა სამივე საფეხური — ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.

თამთა მეგრელიშვილს აქვს მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება როგორც პროფესიული, ისე არაპროფესიული თვალსაზრისით. ჰქონდა ჟურნალისტური გამოცდილებაც და მუშაობდა რადიოგადაცემის წამყვანად. იგი აქტიურად არის ჩართული მრავალ პროფესიულ და საზოგადოებრივ აქტივობაში.

მისი თქმით, კარიერულ გზაზე გავლილი ყველა ეტაპი მნიშვნელოვანი იყო და არაფერს შეცვლიდა. არსებული გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად, თითოეული მათგანი კიდევ ერთ საფეხურად იქცა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. თამთას არ ჰყავს კუმირები — მისი მთავარი პრინციპია, ყოველ ახალ ეტაპზე აჯობოს მხოლოდ იმ თამთას, რომელიც „გუშინ“ იყო.

ყველაზე დიდი პირადი გამოწვევა მის ცხოვრებაში პირადი ურთიერთობის დასრულება აღმოჩნდა. მარტო დარჩა შვილთან ერთად და ცხოვრება ფაქტობრივად თავიდან დაიწყო. ამ რთული ეტაპის მიუხედავად, მან შეძლო სწავლა, პროფესიული განვითარება და პროფესიულად ჩამოყალიბება.

ერთ-ერთ ეტაპზე მკაფიოდ გააცნობიერა, რომ არ უნდა აკეთო ის, რაც სიამოვნებას არ განიჭებს, და თავდაპირველი პროფესია პრაქტიკულად ჩაანაცვლა მეორე პროფესიით. მან აირჩია პოლიტიკა და აკეთებს იმას, რაც ინტერესთან ერთად აძლევს შესაძლებლობას, მეტი გააკეთოს ადამიანებისთვის.

სირთულეების დაძლევის შედეგად თამთამ გამოიმუშავა უნარები, რომლებიც მას პროფესიულ უპირატესობას ანიჭებს — პრინციპულობა, საქმისადმი პასუხისმგებლობა, მაღალი მოთხოვნადობა საკუთარი თავის მიმართ და ჯანსაღი ამბიცია. მისთვის პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანია ყველაფერში, რასაც აკეთებს.

მისი მიზანია უახლოეს პერიოდში ორი წიგნის დასრულება, რომლებზეც აქტიურად მუშაობს. პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ჩართულია საკანონმდებლო და საზოგადოებრივ პროცესებში და იმედოვნებს, რომ მისი გუნდის მიერ მიღებული, ხალხის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.

პირადი და პროფესიული ცხოვრების ბალანსისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოჯახს. როგორც თავად ამბობს: „ოჯახი ჩემი ციხე-სიმაგრეა“. ყოველი შესაძლებლობისას მათთან ერთად ატარებს დროს, რაც შინაგან ბალანსს უნარჩუნებს.

თამთას ჰყავს ადამიანები, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანი მენტორები არიან პოლიტიკურ გზაზე, თუმცა მათი ვინაობის დასახელებას გარკვეული მიზეზების გამო თავს არიდებს. მას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები და აქტიურად მუშაობს მათ განხორციელებაზე.

მისი რწმენით, კარგი განათლება, შრომისმოყვარეობა და ღირსება სამართლიანი წარმატების მთავარი გარანტიაა. იგი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში და მიზნად ისახავს საკუთარი წვლილი შეიტანოს საქვეყნო საქმეში.

თამთასთვის წარმატება პირველ რიგში შინაგანი კომფორტია — ის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც თან უნდა ახლდეს სხვა სიკეთეებიც. ამ ეტაპზე არ აქვს მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის რთული ან დასანანი იყო.

თავისუფალ დროს თამთა კითხულობს. მისთვის საყვარელი წიგნების ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა განსაკუთრებით გამოარჩევს დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“ და ანნა გავალდას „იმედის 35 კილოგრამი“. მისთვის საინტერესოა ბიოგრაფიული შინაარსის ლიტერატურაც. თავადაც წერს ნოველებსა და ლექსებს და აქვს გამოცემული მცირე კრებული სახელწოდებით „სულის ანარეკლი“.

მისი შინაგანი ბალანსის მთავარი საფუძველია უფლის რწმენა, სიყვარული, მადლიერება და საინტერესო ადამიანები.

თამთა მეგრელიშვილის ისტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პროფესიული ცოდნა, პირადი გამძლეობა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა წარმატების გზად იქცეს — გზად, რომელიც მუდმივ განვითარებასა და საკუთარ თავთან კონკურენციას ეფუძნება.

 

კომენტარის დატოვება