დეკემბერი 16, 2025 19:57

ნომინაციაში “წლის გამორჩეული ქალი ჯანდაცვასა და ესთეტიკურ მედიცინაში – 2025” წარდგენილია ნათია აბულაშვილი

ქალი, რომელმაც მედიცინის სიყვარული ესთეტიკურ მისიად აქცია — ნათია აბულაშვილის ისტორია

ნათია აბულაშვილი პროფესიით ექიმია. იგი არის ლიცენზირებული ინფექციონისტი და ლიცენზირებული ოჯახის ექიმი. პროფესიული განვითარების გზაზე იტალიაში, მილანში, DB Milano-ს ცენტრში გაიარა SIDESCO-ს ტრენინგები, რის შედეგადაც გახდა ლიცენზირებული ლაზეროთერაპევტი და ლიცენზირებული ტრენერი ლაზეროთერაპიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ორი ლიცენზია კლინიკურ მედიცინაში, ესთეტიკური მედიცინის სიყვარულმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. სწორედ ამ სიყვარულმა უბიძგა, უარი ეთქვა კლინიკურ პრაქტიკაზე და უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს ესთეტიკური მედიცინის სფეროში.

ოთხი წელია აქვს საკუთარი კლინიკა — „Per Te“. კლინიკის გახსნა დაემთხვა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს — მძიმე კოვიდპანდემიას. მინიმალური ფინანსური ინვესტიციით, მაგრამ მაქსიმალური სიყვარულითა და ერთგულებით თავისი პაციენტების მიმართ, ნათიამ შეძლო „Per Te“-ს შექმნა და განვითარება.

მისი საქმიანობა მხოლოდ კომერციული მიზნებით არ შემოიფარგლება. მან შექმნა სოციალური პროექტი „ქალები ქალებისთვის“, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ქალებს, ძალადობის მსხვერპლებსა და მარტოხელა დედებს სრულიად უსასყიდლოდ შეასწავლეს ლაზერული ეპილაცია. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და რეალური მხარდაჭერა პროფესიული გაძლიერებისთვის. ამ დროისთვის ორი ასეთი პროექტი უკვე განხორციელებულია და იგეგმება მესამე საქველმოქმედო ინიციატივაც. სასწავლო კურსების ფარგლებში კი ნათია აბულაშვილმა და მისმა გუნდმა 50-მდე ქალბატონს მისცა ახალი პროფესია.

მისი საქმიანობის მთავარი გარდამტეხი მომენტი იყო საქმისა და ადამიანების სიყვარული. განსაკუთრებულ მოტივაციას აძლევს პაციენტები — მათი წერილები, მადლიერება და ნდობა ყოველდღიურად ახსენებს, რომ კიდევ უფრო უკეთესი უნდა გახდეს. ნათიასა და მის პაციენტებს შორის ჩამოყალიბებულია თბილი, მეგობრული და ადამიანური ურთიერთობა.

სირთულეები საქმიანობის დაწყებიდანვე თან სდევდა. მძიმე პანდემიური ვითარება და მინიმალური ფინანსური რესურსი დიდი გამოწვევა იყო. საკუთარი ცენტრის შექმნას სრულიად მოუმზადებელი შეუდგა, თუმცა ეს გზა გადალახა შრომის, ადამიანებისადმი სიყვარულისა და პროფესიული ერთგულების წყალობით. ამ გამოცდილებამ ასწავლა, რომ ესთეტიკურ მედიცინაში წარმატებისთვის აუცილებელია საქმის სიყვარული, ემპათია, გულწრფელობა და ადამიანების პატივისცემა.

ერთ დროს დაუძლევლად ეჩვენებოდა მინიმალური ინვესტიციით მაქსიმალური შედეგის მიღება, თუმცა მიზანდასახულობამ და შრომამ ესეც შესაძლებელი გახადა. ნათია ბუნებით მაქსიმალისტია და ყოველთვის სურდა შეექმნა ისეთი კლინიკა, როგორსაც თავად აირჩევდა პაციენტის როლში. დღეს ამბობს, რომ ეს მიზანი შეძლო და შექმნა სივრცე, რომელიც მის ხედვას სრულად ასახავს.

მისთვის განსაკუთრებული სიამაყის წყაროა პროექტი „ქალები ქალებისთვის“. ქალებისგან მიღებული ყოველდღიური თბილი შეტყობინებები და მათი წარმატების ისტორიები ნათიასთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.

ნათია ამაყობს იმით, რომ შეძლო ძლიერი და სწორად მოაზროვნე გუნდის შექმნა. მისი თქმით, დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე სწორედ გუნდის სწორად ჩამოყალიბებაა. ნათიას ხედვით, ესთეტიკურ მედიცინაში წარმატება მხოლოდ პროფესიონალიზმით არ განისაზღვრება — მას თან უნდა ახლდეს დისციპლინა, ემპათია, სასიამოვნო გარემო, პაციენტის დროისა და სურვილების პატივისცემა. მისი მიზანია, გააკეთოს არაჩვეულებრივად ის, რასაც სხვები ჩვეულებრივად აკეთებენ.

ნათია ცდილობს იყოს საუკეთესო ექიმი თავისი პაციენტებისთვის, საუკეთესო მასპინძელი კლინიკის სტუმრებისთვის და საუკეთესო ხელმძღვანელი თანამშრომლებისთვის. მისი აზრით, რესურსების სწორად გადანაწილება გადამწყვეტია — სამსახურში მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე, ხოლო სახლში სრული ჩართულობა შვილებთან. მართალია, ეს რთულია, მაგრამ სწორი სტრატეგიით პროფესიული და პირადი ცხოვრება შეიძლება ჰარმონიაში იყოს.

მისთვის შთაგონების წყაროა ის ქალები, რომლებმაც ბიზნესში წარმატებას მიაღწიეს. მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ასევე ველნეს ცენტრი „ბიოლი“, სადაც სტუმრობისას მოუსმინა ბატონ თამაზ მჭედლიძის ისტორიებს. სწორედ მაშინ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება საკუთარი კლინიკის შექმნის შესახებ.

მომდევნო 3–5 წლის განმავლობაში ნათია გეგმავს კლინიკის გაფართოებას. „Per Te“-ში წარმოდგენილი იქნება სილამაზის სფეროში არსებული ყველა თანამედროვე პროცედურა, მნიშვნელოვნად გაფართოვდება სასწავლო მიმართულება და გაგრძელდება საქველმოქმედო საქმიანობა.

მისი მთავარი გზავნილი ქალებისთვის ასეთია: რასაც დაგეგმავთ, ყველაფერი გამოგივათ, თუ გიყვართ საქმე, შრომა და ადამიანები. ქალებს არასოდეს უნდა უთხრან საკუთარ თავს „არ შემიძლია“, რადგან ქალებისთვის შეუძლებელი არაფერია. ყველა სირთულე შეიძლება სიძლიერედ იქცეს, თუ ბოლომდე იბრძოლებენ.

ნათია მუდმივად ესწრება ტრენინგებს, ეცნობა ახალ ინფორმაციას და ცდილობს არ ჩამორჩეს მსოფლიო სიახლეებს. კლინიკური მედიცინის დატოვება მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ ლიცენზიებისთვის წლების განმავლობაში იბრძოდა, თუმცა დღეს დარწმუნებულია, რომ ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გონივრული ნაბიჯი აღმოჩნდა.

ის ხშირად უსმენს საშა კაცმანის პოდკასტებს და განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისთვის ბოლო პერიოდის საუბარი ციკოლიასთან.

ნათია აბულაშვილი არის ქალი, რომელმაც პროფესია სიყვარულად, სიყვარული კი რეალურ საქმედ აქცია — პაციენტებისთვის, ქალებისთვის და საკუთარი ცხოვრების გზისთვის.

 

კომენტარის დატოვება