დეკემბერი 17, 2025 22:54

ნომინაციაში “საუკეთესო ყვავილოვანი კონცეფციების შემქმნელი – 2025” წარდგენილია ელისო კინწურაშვილი

ქალი, რომელმაც ბავშვობის ოცნება რეალურ საქმედ აქცია — ელისო კინწურაშვილის ისტორია

ელისო კინწურაშვილი ამჟამად ყვავილების მაღაზიის მფლობელია — ბიზნესის, რომელიც მისი ბავშვობის ოცნება იყო. 43 წლის ასაკში შეისწავლა ფლორისტიკა და დიზაინი და დღეს თავად უძღვება საკუთარ საქმეს, აქტიურად არის ჩართული ფლორისტიკაში და ყოველდღიურად ქმნის ემოციებზე დაფუძნებულ კომპოზიციებს.

ბავშვობიდან ელისო სხვადასხვა სფეროში იყო დასაქმებული. რამდენიმე წელი დიასახლისის როლშიც გაატარა. მოგვიანებით, მეუღლესთან ერთად ჰქონდა ბიზნესი — შპს „რაშმორ მოტოციკლს ჯორჯია“, რომელიც, სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში დაიხურა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საკუთარი ოცნების რეალიზაციაზე სერიოზული ფიქრი. მოიძია სხვადასხვა კურსი და საფუძვლიანად შეისწავლა ფლორისტიკა. ოჯახის მხარდაჭერით წამოიწყო საკუთარი ბიზნესი, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია აქტიურად ოპერირებს ბაზარზე.

მისთვის ყოველთვის არსებობდა განცდა, რომ მეტი შეეძლო და სურდა, დამოუკიდებელი გამხდარიყო იმ საქმიანობაში, რომელიც გულით უყვარდა. პანდემიის პერიოდში მიღებულმა რთულმა გადაწყვეტილებამ — არსებული ბიზნესის დახურვამ — საბოლოოდ უბიძგა, ყვავილებთან ურთიერთობა, რომელიც მუდამ სიამოვნებას ანიჭებდა, შემოსავლის წყაროდ ექცია.

მისი მთავარი მოტივაცია ოჯახია — მხარდაჭერა, რომელიც მუდმივად გვერდით აქვს და რომელიც ძალას, სტიმულსა და თავდაჯერებულობას მატებს.

გამოწვევები ყოველდღიურობის ნაწილია. განსაკუთრებით ახსოვს საწყისი ეტაპი, როდესაც მომხმარებლის შემოსვლა დიდ სტრესთან იყო დაკავშირებული — ნერვიულობდა, ყველაფერს სწორად გააკეთებდა თუ არა. გამოცდილებამ ასწავლა, რომ პრაქტიკა, მოტივაცია და ადამიანებთან პოზიტიური ურთიერთობა ყოველდღიურად გაძლიერებს და უკეთესს გხდის. დაწყება ხშირად რთულია, მაგრამ მცდელობა ყოველთვის იძლევა გამოცდილებასა და ცოდნას.

ერთ-ერთ პირველ სირთულედ ის შემთხვევა ახსენდება, როდესაც მაღაზიის გახსნისას დიდი რაოდენობით ყვავილი ჩამოიტანა, რომელიც არ გაიყიდა. ფინანსური ზარალის გარდა, მისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ყვავილების ჭკნობა და მათი გადაყრის აუცილებლობა. საბოლოოდ მიიღო კრეატიული გადაწყვეტილება — ყვავილები გააშრო და დეკორისთვის გამოიყენა. ასე დაიწყო გამომშრალი ყვავილებით ხელნაკეთი ბარათების დამზადება, რაც დღესაც აქტიურად გრძელდება და მომხმარებლების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

ელისოსთვის ყვავილები პირველ რიგში ემოციების ენაა — სიყვარული, მონატრება, სიხარული, თანაგრძნობა, მწუხარება. მისი მთავარი მიზანია სხვებისთვის სიხარულის გაზიარება. მომხმარებელთან ურთიერთობა და მათი კმაყოფილება მის საქმიანობაში გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. ხშირად, სრულიად უსასყიდლოდაც აძლევენ ყვავილებს ადამიანებს, რათა სხვისი გახარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

მის მაღაზიაში იშვიათად შეხვდებით წინასწარ აწყობილ თაიგულებს. ელისო ცდილობს მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა, თითოეული ყვავილი თავად შეარჩიონ და თაიგული იმ ემოციას ატარებდეს, რისი თქმაც სურთ.

პირადი გამოცდილებით ამბობს, რომ ის, სადაც დღეს არის, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. საკუთარი საქმე, რომელიც 43 წლის ასაკში აღმოაჩინა და რომელიც აბედნიერებს, არის გამოცდილება, რომელიც სურს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით ქალებმა, გამოსცადონ. თუ შეძლებს ამ გზაზე სხვებისთვის თუნდაც მცირე შთაგონების მიცემას, ამას დიდ ბედნიერებად მიიჩნევს.

ელისო მომხმარებლებთან ხშირად საუბრობს არა მხოლოდ ყვავილებზე ზრუნვის შესახებ, არამედ იმ სტერეოტიპებზეც, რომლებიც ყვავილებს უკავშირდება. მისი თქმით, ყვავილები მხოლოდ მამაკაცების საჩუქარი ქალებისთვის არ არის — ადამიანები ხშირად ყიდულობენ ყვავილებს საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის ან უბრალოდ გარემოს გასალამაზებლად. ეს თვითზრუნვისა და თავდაჯერებულობის ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა.

მისი ყოველდღიურობა ინტენსიური და შრომატევადია. დილა ადრე იწყება საოჯახო საქმეებით, რომელშიც ოჯახიც ეხმარება, შემდეგ კი მთელ დღეს მაღაზიაში ატარებს. ხშირად ღამის თენებაც უწევს.

მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქალბატონს, წარმატებულ და ცნობილ ფლორისტს, რომელმაც ეს პროფესია ასწავლა. მათი ურთიერთობა დიდი ხანია გასცდა მასწავლებელ-მოსწავლის ჩარჩოებს — დღეს ის მისი მეგობარია და ელისო ყოველთვის მადლიერი იქნება მისგან მიღებული ცოდნისა და მხარდაჭერისთვის.

მომავლის ხედვა მას მკაფიო აქვს — სურს შექმნას სივრცე, სადაც მომხმარებელი არა მხოლოდ ყვავილების შეძენას შეძლებს, არამედ განიტვირთება, დაისვენებს ყვავილების სილამაზეში, წაიკითხავს წიგნს ან მიირთმევს ყავას.

მისი მთავარი რჩევაა: სირთულეები ყოველთვის იქნება და არ უნდა შეგაშინოს. არ უნდა დანებდე, უნდა იშრომო და გულით მოეკიდო საქმეს. თუ გიყვარს ის, რასაც აკეთებ, რისკი ყოველთვის ღირს.

ელისო მუდმივად ადევნებს თვალს ქართველ და უცხოელ ფლორისტებსა და დიზაინერებს, ეცნობა სიახლეებს და ცდილობს იფიქროს განსხვავებულ იდეებზე — იქნება ეს კომპოზიციები თუ შეფუთვები. გამოწვევებზე უარს არასდროს ამბობს, რადგან პირველად გაკეთებული საქმე მისთვის სწავლის საუკეთესო გზაა.

მისი ხედვით, ბიზნესის წარმატება ფინანსურ შედეგებს უკავშირდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელი, რომელიც კვლავ ბრუნდება ან საკუთარ ემოციებსა და გამოცდილებას გიზიარებს. ზოგჯერ წარმატება შეიძლება ყველაზე პატარა თაიგულითაც განისაზღვროს, თუ იცი, რომ მან ადამიანი გაახარა.

ელისო კინწურაშვილის ისტორია არის მაგალითი იმისა, რომ ასაკი ბარიერი არ არის, ოცნება კი ყოველთვის პოულობს გზას რეალურ საქმედ ქცევისთვის — შრომით, სიყვარულით და ადამიანური სითბოთი.

კომენტარის დატოვება