ნოემბერი 23, 2024 07:17

ნომინაციაში “საუკეთესო მართვის სპეციალისტი 2024” წარდგენილია ქეთი ასანიძე

ქეთი ასანიძე ინტერვიუში გვიზიარებს თავისს კარიერულ გზას, შემოქმედებით გავლენას და პიროვნულ ეტაპებს, სადაც იგი იშვიათ ხედვას გვთავაზობს. გიზიარებთ ქეთი ასანიძის ნარატივს:

პროფესიით მენეჯერი ანუ მართვის სპეციალისტი ვარ. რაც ჩემთვის ფაქტობრივად ჰობია. თავს ვგრძნობ როგორც თევზი წყალში. ჩემი რჩევაა – დატოვეთ ყველა ადგილი, სადაც სიამოვნებით არ ხართ, დროს ალტერნატიული ღირებულება აქვს. იპოვეთ ის საქმე, რომელიც გიყვართ, რომელიც ცხოვრების ნაწილი გახდება, რისი ნიჭიც გაქვთ. რადგან, რაც თქვენს შიგნითაა,  გარეთაც ზუსტად ის ჩანს; ფინანსური აღმავლობა  წარმატების თანმხლებია.  რეალურად, ყველა ნაბიჯს უკუკავშირი აქვს სამყაროსგან. უნდა დაიხარჯო ბოლომდე, რომ შედეგი მიიღო. არსებობს ყველაფერში კანონზომიერება, ყველაფერი ერთ სიბრტყეზე განიხილება. ფინანსურად წარმატებული ხდები ბუნებრივად,  სწორი ქმედებებით და ნდობის, რეპუტაციის შენებით. შემდეგ დიდი წარმატება ავტომატურადაც მოდის. დროთა განმავლობაში ჩვენ გარშემო მოვლენების იდენტიფიცირებასაც ვახერხებთ.

ლიდერობა არის მენეჯერის ქმედითუნარიანობის  გამოვლენის ხერხი ქარიზმატული გზით, როდესაც  ხედვა, რომელსაც აზიარებ და რომელიც შესაძლოა ჯერ პრაქტიკულად არც არსებობს, იმდენად დამაჯერებელია მასისთვის, რომ იწვევს მათ აღტაცებას და ავტომატურად რთავ განხორციელებაში, ეს ხელოვნებაა.  აქედან გამომდინარე, ლიდერი ავტომატურადვე იღებს პასუხისმგებლობას ხედვის რეალურად განხორციელებაზე, რასაც კეთილდღეობა მოაქვს მასისთვის. გავლენას ახდენს მასის ქცევებზე, ქმნის ტრენდებს, მოდას, –  ის დაუვიწყარია და ისტორიას ქმნის, მეორე მხრივ, ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივი და უბრალოა.

დავამთავრე კავკასიის ბიზნეს სკოლა 2011-2015 წლებში, მართვის მიმართულებაში მაგისტრის ხარისხი მაქვს.  ჩემს კომპეტენციებში შედის ასევე  ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვების მართვა. შესაბამისად, ჩემი გამოცდილებაც  მართვის,  სტრატეგიის დაგეგმვისა და  აღსრულების მიმართულებითაა. ათი წლის წინ დავაარსე მენეჯმენტ-საკონსულტაციო საინვესტიციო ბიზნესი და ვიყავი მმართველი პარტნიორი. სხვა კომპანიებს ვუწევდი მართვის სერვისს. ქართულ ბაზარზე 50-ზე მეტი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციის სტრატეგიის ფორმირებაში და სისტემის გამართვაში მაქვს წვლილი და არათუ კონკრეტული კომპანიის, არამედ სფეროს გარდაქმნა,  რეფორმების რეალურად ინიცირება და ცვლილება მოვახდინე. ეს ბიზნესი ათი წლის წინ ახალი იყო საქართველოში, არ იყო პოპულარული, მართვის კონტრაქტი რთულად გაყიდვადი პროდუქტი იყო.  იდეა მდგომარეობდა შემდეგში: ორგანიზაციის დიაგნოსტირებით ავლენ ორგანიზაციის სუსტ მხარეებს და ახდენ სტრატეგიის გადაგეგმვას იმგვარად, რომ სისტემა მდგრადი გახადო, გაუზარდო მოგება და შემოსავალი, გახადო ბრენდი და ლიდერი. ამ პერიოდში ვიზიარებდი საერთაშორისო პრაქტიკებს და მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა ქვეყნებში მსოფლიო ბიზნეს და  საინვესტიციო  ფორუმებში (OECD Paris, 2017,Wobi Milan 2017, Eastern partnership business Forum Latvia 2015 და აშ…). ასევე ვფლობ ჯილდოებს: მართვის პროექტების საუკეთესო შესრულებისათვის და საუკეთესო სოციალური რეფორმისთვის.

ამჟამად ვარ „ბლიც დენტალი კახაბერ ხარებავას კლინიკის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი. ჩვენ 5 წელია ბაზარზე ლიდერის პოზიცია გვაქვს და ვემსახურებით 25000-ზე მეტ მომხმარებელს.

ჩემს  პროფესიაში მნიშვნელოვანია: ოცნება, შემოქმედებითობა, ხედვა – ხედვის გარეშე მენეჯერი ვერ იმოქმედებს და სტრატეგიის ვიზუალიზაცია მნიშვნელოვანია, ერთგულება, საკუთარი თავის ნდობა,  რეპუტაცია ბაზარზე, დიპლომატია მოლაპარაკებების მართვისას, სამართლიანობა, ქარიზმა, შეუვალობა, საკუთარი თავის შეცნობა და განვითარება, განათლება, ინტუიცია, გულწრფელობა, გამბედაობა, ცნობისმოყვარეობა, სისტემურობა, ინფორმაციის მართვა და კონფიდენციალობის დაცვა,  ბიუჯეტსა და ხალხზე პასუხისმგებლობის აღება, ორგანიზაციის გარშემო საპარტნიორო ჯაჭვის და მათთან ურთიერთობების სწორი ფინანსური და ფუნქციური პირობების ჩამოყალიბება, ბიუჯეტის ზრდის დაგეგმვა-განკარგვა-კონტროლი, სტრატეგიის დაგეგმვა, ორგანიზება, აღსრულება,  პროცესის დაწყება-დასრულება – ყველა დაწყებული საქმე მიმყავს ბოლომდე. ასევე –  საკუთარ თავზე და სისუსტეებზე მუშაობა, გადაწყვეტილებების მიღება – ბევრს ვმსჯელობ გადაწყვეტილების მიღებამდე და თუ მივიღე არ ვაუქმებ, არ ვბრუნდები წარსულში. კონცენტრაცია ძირითად ამოცანებზე, წონასწორობა ყველა სიტუაციაში, სიმშვიდე, მიმღებლობა, რწმენა, მოტივაცია, ცვლილებების მართვა,  სიტყვისა და საქმის ერთსულოვნება- რითაც ხდები სანდო და სახელოვანი.

ასევე კარგად განვითარებული მაქვს: რეფორმების მენეჯმენტის, მდგრადი სისტემების შექმნის, მეწარმეობის, კომპანიის კოეფიციენტების ზრდის, ინვესტიციის და ინოვაციის მართვის,  კაპიტალის განკარგვის და ზრდის, მოთხოვნის ზრდის და  სამომხმარებლო ქცევის ცვლილების, ინტერკულტურული მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციების მართვის უნარები. ინტუიცია ბიზნეს და პოლიტიკური ალღოს,  მიზნების დასახვა-აღსრულებისთვის; სიმშვიდე,  რწმენა, თვითმოტივაცია, სხვების მოტივაცია. რთული  საკითხების  მარტივი და გონივრული გზებით გადაჭრის, სამყაროდან მოვლენების პროგნოზირების უნარი. მაღალი ემოციური ინტელექტი.  შემოქმედებითი მიდგომა და  ინდივიდუალური კალიგრაფია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ორიგინალური შედეგების მისაღწევად.

რაც შეეხება ქართულ ბიზნეს გარემოს: სტრატეგიული საკითხია საქართველოს საერთაშორისო ბაზართან მჭიდრო ინტეგრაცია, გლობალიზაცია  და იაფი ფულადი რესურსების მოზიდვა. ფინანსური ინსტიტუტების შემოყვანა  ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებისთვის. საქართველოს, მისი ბუნებრივი გეოგრაფიული მდებარეობა და ლანდშაფტი ჰაბად აქცევს და, შესაბამისად,  ნათელია, იგი მიმზიდველი და  პერსპექტიულია  დანარჩენი მსოფლიოსთვის ყველა რაკურსით. ამ ძლიერ მხარეზე დაყრდნობით, საინვესტიციო ცენტრის მაკეტს ავაშენებთ, მოხდება საერთაშორისო პარტნიორების და ინვესტორების  შემოყვანა. მეორე მხრივ,  ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოება. შესაბამისი საგარანტიო სისტემების არსებობის შემთხვევაში.

კითხვაზე, თუ რა როლი აქვს მისს ცხოვრებაში ქალის იდენტობას, იგი გვპასუხობს:

ჩემი აზრით, ქალი და მამაკაცი თანასწორია. ის, რომ ქალი ვარ, საქმეში მამაკაცისგან  არ განმასხვავებს  და ნაკლებ პასუხისმგებლობებს არ მაკისრებს.

ქალი – პროფესიონალი ისეთივე თავდაჯერებულია, როგორც მამაკაცი პროფესიონალი.  თუკი ქმნი ახალ ღირებულებას, ეს იქნება მოთხოვნადი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილსა და სოციუმში, ინტელექტის გაყიდვისას არც ტერიტორიული  საზღვრები და არც ენობრივი, გენდერული და აშ…  ბარიერები  არ არსებობს.

ქალებს უნდა გააჩნდეთ იმის მოტივაცია, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი ამბიცია,  მიიღონ ხარისხიანი განათლება და გახდნენ პროფესინალები, შექმნან პროდუქტი. ფინანსური დამოუკიდებლობა თავდაჯერებულობას თავისთავად აყალიბებს.  ჩემი რჩევაა: განაგეთ საკუთარი ცხოვრება, დაინახეთ და გამოიყენეთ შანსი, რადგან ერთ შანსზე ბევრი სხვა შანსია გადაბმული!

ცხადია, ქეთის კარიერულ გზას დაბრკოლებების გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა მისთვის ეს ყოველივე დაბრკოლებას არ წარმოადგენდა.

ცხოვრებაში  აუსხნელი მოვლენები არ არსებობს, რთული მომენტები გარკვეული ქმედებების ჯაჭვია და ხშირად  გამოხატულია ფინანსურ ან სხვა ტიპის კრიზისში. ამავე დროს, ეს შესაძლებლობაცაა და  იქცევა ახალი ათვლის წერტილად, როცა უნდა გადავაფასოთ წარსული, გავუმკლავდეთ შიშებს, რადგან ისინი რეალურად არ არსებობენ,   გავაანალიზოთ თუ რა რატომ მოხდა და შევცვალოთ ნაკლებეფექტური ნაბიჯები. მივიღოთ კრიტიკაც – ეს გვავითარებს. მეტი პასუხისმგებლობები ავიღოთ საკუთარ თავზე. კრიზისიდან შეიძლება წამოდგომა და ეს პირველ რიგში საკუთარი თავის ცვლილებიდან იწყება. ყოველი ახალი დღე ახალი სიცოცხლეა – ახალი შანსი, თავიდან ვიბადებით. წარსულს ვერ შევცვლით, მაგრამ  მომავლს – კი ვქმნით. ჩემს  ცხოვრებაშიც ყოფილა  რთული მომენტები,  ამან გამაძლიერა და საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობები ამაღებინა. აწარმოეთ საკუთარ თავთან ინტერვიუ, დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და სარკეში ჩახედეთ, სადაც ღიად დასვამთ  კითხვებს და მისცემთ პასუხებსაც. თუ პასუხი არ გაქვთ,  დაკიდეთ ჰაერში კითხვები და რამდენიმე დღეში მასზე პასუხს გარემოდან ბუნებრივად მიიღებთ.  ასევე მოუსმინეთ რჩევებსაც, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალი იყავით.

რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად? : რომელი მიღწევით ან პროექტით ხართ ყველაზე მეტად ამაყი თქვენს პროფესიულ მოგზაურობაში და რა გავლენა იქონია მან საზოგადობაზე?

ასეთი პროექტი არაერთი იყო, რომლის სახელი საქართველოს საზღვრებს გარეთაც გავიდა და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში პროექტი ეხებოდა კომპანიის მართვის ეფექტურობის შეფასებას, 2017-2020 წლებში – სოციალური რეფორმის და სიღარიბის დაძლევას.

აწმყოში – კომპანია, რომელსაც ამჟამად ვმართავ  – „ბლიც დენტალი კახაბერ  ხარებავას კლინიკა“, ბაზარზე გამოვირჩევით ინოვაციების დანერგვით და სერვისის უმაღლესი ხარისხის პოზიციონირებით, ევროპული სტანდარტების მომსახურებას ვუწევთ ადგილობრივ მოსახლეობას და  ტურისტებს.

გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში…

ქალის როლი საზოგადოებაში და მისი ინტელექტუალური განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტიც კი სახელმწიფოსთვის. რაშიც მატერიალური და არამატერიალური რესურსების ინვესტირება ნამდვილად ღირს. გარდა იმის რომ ის ღირებულებას ქმნის, ამასთანავე მომავალი თაობის აღზრდაზე იღებს პასუხისმგებლობას რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის განვითარების დონეს პირდაპირ განსაზღვრავს.

ქალისა და მამაკაცის ბუნებრივად თანდაყოლილი ინტელექტი, ჭკუა და უნარები განსახვავებულია, აბალანსებს ერთმანეთს და მე ვთვლი რომ,  ორივე სქესის წარმომადგენლებით შექმნილი ჰარმონიული გუნდი  შესაბამისი როლების, ფუნქციების გადანაწილებით უკეთ აღწევს ერთად წარმატებას. ამასთანავე, ისინი თანაბაუფლებიანი და თანასწორნი არიან, როგორც ორგანიზაციაში, ასევე ოჯახშიც.

ქეთი, ქალები რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში ნაბიჯებს,რას ურჩევდით

პირველ რიგში, ვურჩევდი მიიღონ სათანადო განათლება და ეს ნამდვილად ფასდება. არ დაზოგონ ენერგია და ფინანსები ცოდნის მისაღებად. ცოდნაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს. თეორიული ცოდნა პრაქტიკაში ერთმნიშვნელოვნად ვლინდება. ასევე მნიშვნელოვანია: დამოუკიდებლობა, თვითმოტივაცია, საკუთარი თავის მოსმენა. არ გაანელოთ ის ცეცხლი, რაზეც ოცნებობდით სტუდენტობის დროს, გზაზე სირთულეები შეგხვდებათ, გარე ფაქტორების ზეგავლენა ისეთივე ბუნებრივია, როგორც ზოგჯერ შტორმი, ან მეწყერი. გზები ხან უსწორმასწოროა, შესაძლოა მოგიწიოთ „ტრანსპორტის“ შეცვლა, საჭის სხვაგვარი მანიპულირება, ან „ფეხსაცმელების“ გამოცვლა, რაც უნდა ისწავლოთ პროცესში. არ შეჩერდეთ, მიიყვანეთ ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე. როცა ნებდებიან, ხშირად მხოლოდ ბოლო ნაბიჯია დარჩენილი წარმატებამდე. თუ შეძლო სხვამ, შეძლებთ – თქვენც. ბედს და იღბალს ჩვენვე ვქმნით.

ქეთი, რა არის შენი წარმატების ფორმულა?

ეს არის :

–  ლიდერობის უნარი, რაც ზემოთაც ავხსენი.

–  სიყვარული. არ არსებობს ძალა, რომელიც სიყვარულზე ძლიერია წარმატების მიღწევაში. სწორედ ეს ძალა იზიდავს წარმატებას და აღებს ყველა კარს…

– გულწრფელობა  ნებისმიერ როლში ყოფნისას, საჯაროდ ღია საუბარი და მანიფესტაცია საკუთარი პოზიციის, გადაწყვეტილების შესახებ, შესაბამისი ემოციის გამოხატვა. ეს აგიწევთ ავტორიტეტს და თავდაჯერებას, ასევე გაზრდის სანდოობას, იდეის რეალიზებაში უდიდესი ნაწილი სწორედ ჩვენივე საუბრის სიცხადეს უკავია.

– თავისუფალი ხედვა, ინიციატივის და პასუხისმგებლობის აღება იდეებიდან მათ რეალიზებამდე.

– სისტემის აშენება პოზიტიური ფსიქოლოგიით.

– მომავლის მოვლენების  დროული იდენტიფიცირება და აწმყოში  გაცოცხლება.

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება