ნოემბერი 22, 2024 09:15

ნომინაციაში “ეფექტური მართვა და სწორი მენეჯმენტი -2024” წარდგენილია ელზა დეკანოსიძე

ელზა დეკანოსიძე არის მენეჯერი და თანაპარტნიორი ქალაქ რუსთავში მდებარე რესტორან “თამადისა”. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს ქორწილების, ნათლობებისა და სხვადასხვა დღესასწაულების ორგანიზებას, დაგეგმვასა და წარმართვას. ქალბატონ ელზას გააჩნია განსაკუთრებული უნარი, მარტივად და თავშეკავებულად დაამყაროს კარგი ურთიერთობა, როგორც ნეფე-პატარძლებთან, ასევე ყველა სტუმართან, რათა სრულყოფილად დაგეგმოს და უზრუნველყოს დღესასწაულის სრულფასოვანი წარმართვა.

სარესტორნო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ელზა დეკანოსიძეს წარსულში ჰქონდა საკუთარი სასურსათო მაღაზია და საცხობი. ასევე, იყო საკვების ქსელ “ვეჟინის” ერთ-ერთი ფილიალის დირექტორი. სწორედ აქ მიიღო მან ის ფასდაუდებელი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დღემდე ეხმარება ნებისმიერი ბიზნესის წარმატებულ მართვასა და განვითარებაში. ამიტომაც, იგი დიდ მადლობას უხდის ამ კომპანიის დამფუძნებელს, ბატონ თამაზ გველუკაშვილს, რომელმაც მას ასწავლა ნებისმიერი ბიზნეს-იდეის სრულყოფილად ხელმძღვანელობა.

ქალბატონი ელზა დარწმუნებულია, რომ ქალს გადამწყვეტი როლი აკისრია ნებისმიერ საზოგადოებაში. თვითონ ამაყობს თავისი ორი შვილის წარმატებით და აღნიშნავს, რომ მისი მთავარი მიზანი იყო, მათთვის შეექმნა სწორი და ლამაზი გარემო, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ მშვიდი მომავლით. მიუხედავად მრავალი მიღწევისა, ელზა დეკანოსიძე თავმდაბალი ადამიანია და მისთვის ყველაზე დიდი სიამაყეა, როდესაც მისი რესტორნიდან სტუმრები მადლიერებით და სითბოთი მიდიან.

ქალბატონებს  ელზა ურჩევს, რომ ბიზნესში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოველთვის იყვნენ სუფთა, ზუსტი და მართალი. გარდა ამისა, ურჩევს აკეთონ სიკეთე თავშეკავებულად და გულწრფელად, რადგან დრო თავად დააჯილდოვებს მათ ცხოვრების გზაზე განვლილი სამართლიანი ნაბიჯებისთვის. მისი რჩევაა, რომ დაიწყონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესი კარგი იდეებით., სწორი ანალიზითა და რისკების გათვალისწინებით. ამასთან, აუცილებლად უნდა აირჩიონ სანდო და ერთგული გუნდი, რომელიც მათ გვერდით იქნება ყველა სირთულის დაძლევაში. ქალბატონი ელზა დარწმუნებულია, რომ ამ მითითებების დაცვით, ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას.

ელზა დეკანოსიძე ნამდვილად წარმოადგენს სანიმუშო მაგალითს სხვა ქალბატონებისთვის. მისი წარმატებული კარიერა და მიღწევები სარესტორნო ბიზნესში მოწმობს, რომ ქალს თუ სწორად გააზრებული მიზნები და ჯანსაღი ცხოვრებისეული პრინციპები აქვს, შეუძლია ნებისმიერ სფეროში თავისი ადგილის დამკვიდრება და წინსვლა. ქალბატონი ელზა თავისი წრფელი დამოკიდებულებით, შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით მუდმივად ცდილობს სხვებისთვის სანიმუშო იყოს. იგი ქალბატონებს მოუწოდებს, არ შეუდრკნენ სირთულეებსა და რისკებს. ქალბატონი ელზას მაგალითი გვიჩვენებს, რომ ზნეობრივი პრინციპებისა და თვითდისციპლინის დაცვით, ნებისმიერი ქალბატონი შეძლებს წარმატების მიღწევას და საზოგადოებაში თავისი ღირსეული წვლილის შეტანას.

კომენტარის დატოვება