ივლისი 9, 2025 23:36

ლიდერ ქალთა საზოგადოების ფორუმი ქუთაისში: წარმატებული შეხვედრა, რომელმაც გააერთიანა და შთააგონა ქალბატონები

ქუთაისში 5 ივლისს გაიმართა ლიდერ ქალთა საზოგადოების გრანდიოზული ფორუმი, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობით, ინტერაქციით და საინტერესო დიალოგებით. ღონისძიება ჩატარდა სასტუმრო Boutique Hotel Argo-ს საკონფერენციო დარბაზში და მიზნად ისახავდა ქალთა ჯანმრთელობის საკითხების პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის ხაზგასმას.

ფორუმზე შეიკრიბნენ ადგილობრივი ლიდერი ქალები, რომლებმაც გააზიარეს საკუთარი წარმატების ისტორიები და გამოცდილება. მათ შორის იყვნენ ონკოლოგიური პაციენტები, რომლებმაც თავიანთი სიმამაცისა და სიცოცხლისადმი სიყვარულის ამბები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას, რამაც განსაკუთრებული ემოციური მუხტი შესძინა შეხვედრას.

“ეს ღონისძიება გახდა ძლიერი პლატფორმა, სადაც ქალები ერთმანეთს აძლიერებენ და ეხმარებიან,” – აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ ღონისძიების დასრულების შემდეგ.

ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა “BUSINESS WOMEN MAGAZINE”-ს კრებულის პრეზენტაცია, რომლის შემოსავლის 30% მოხმარდება ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამას საქართველოში. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, შეეძინათ ეს გამოცემა და ამით წვლილი შეეტანათ კეთილშობილურ საქმეში.

ღონისძიება წარმოადგენდა გაგრძელებას თბილისში ჩატარებული მე-12 საქველმოქმედო შეხვედრისა, რომელიც მიეძღვნა ძუძუს კიბოს პრობლემატიკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ქუთაისის ფორუმმა კიდევ უფრო გააფართოვა ამ მნიშვნელოვანი საკითხის გავრცელების არეალი, მოიცვა რეგიონებიც და ხელი შეუწყო უფრო მეტი ადამიანის ინფორმირებას.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებმა აქტიური ნეთვორქინგის სესიაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც დაამყარეს ახალი პროფესიული კონტაქტები და დაგეგმეს მომავალი თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.

ლიდერ ქალთა საზოგადოება აგრძელებს მნიშვნელოვან საქმიანობას ქალთა ჯანმრთელობის საკითხების პოპულარიზაციისა და ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერის მიმართულებით. ქუთაისის ფორუმის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევა საზოგადოებაში.

კომენტარის დატოვება