ლიდერ ქალთა საზოგადოება საერთაშორისო ქართულ-ამერიკულ ბიზნესკონფერენციაზე
🔷 Georgian-American Business Association (GABA)-ის ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო ქართულ-ამერიკული ბიზნესკონფერენცია თემაზე: „ქალი მეწარმეების გაძლიერება: გლობალური თანამშრომლობა და ინოვაციები”. სამდღიანი ღონისძიება, რომელიც 10-12 დეკემბერს გაიმართა, გახდა გლობალური დიალოგის უნიკალური პლატფორმა, სადაც ერთად შეიკრიბნენ საქართველოს, ევროპის, შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლები.
🔷 კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი ქალბატონები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიების სამუშაო პროცესში. მათი მონაწილეობა განსაკუთრებით პროდუქტიული აღმოჩნდა – კონფერენციის ფარგლებში შესაძლებელი გახდა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმების შემუშავება, ახალი საერთაშორისო კავშირების დამყარება და გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვა.
🔷 ჩვენმა წევრებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება, მონაწილეობა მიიღეს სამუშაო ჯგუფებში და დაამყარეს მნიშვნელოვანი კონტაქტები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან. კონფერენციის მთავარი მიზანი – ქალი მეწარმეების გაძლიერება თანამედროვე განათლების, ქსელური ურთიერთობების გაფართოებისა და კრიტიკულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მეშვეობით – წარმატებით განხორციელდა.