„ლიდერ ქალთა საზოგადოებამ” მე-11 საქველმოქმედო/წარდგენის ღონისძიება გამართა
„ლიდერ ქალთა საზოგადოებამ” მორიგი, რიგით მე-11 საქველმოქმედო/წარდგენის ღონისძიება წარმატებით ჩაატარა, რომელსაც ასობით წარმატებული ქალბატონი დაესწრო. წლევანდელი შეხვედრა ორმაგი მნიშვნელობის მატარებელი იყო.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ონკოლოგიური პაციენტებისთვის, განსაკუთრებით კი ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონებისთვის მხარდაჭერის გამოხატვა გახლდათ. ამასთანავე, შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.
ღონისძიების მეორე მთავარი ასპექტი ორგანიზაციის რიგებში ახალი, ღირსეული წევრების მიღება და მათი საზოგადოების წინაშე წარდგენა იყო.
„ლიდერ ქალთა საზოგადოება” წლების განმავლობაში რჩება მნიშვნელოვან პლატფორმად, სადაც წარმატებული ქალბატონები ერთიანდებიან კეთილი საქმეების განსახორციელებლად და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების დასამკვიდრებლად. ორგანიზაციის ძირითადი მისიაა საქართველოში მოღვაწე წარმატებული ქალების წვლილის აღიარება და მათი მიღწევების წარმოჩენა.
დამსწრეთა გადმოცემით, ღონისძიება გამოირჩეოდა განსაკუთრებული ატმოსფეროთი, სადაც სუფევდა ურთიერთმხარდაჭერის, მოტივაციისა და სიხარულის განწყობა. შეხვედრამ მონაწილეებს საშუალება მისცა გაეფართოებინათ პროფესიული კონტაქტები და დაემყარებინათ ახალი კავშირები.
„ლიდერ ქალთა საზოგადოების” მიერ ორგანიზებული ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ გახდა ნათელი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთობა და სოლიდარობა როგორც სოციალური პრობლემების მოგვარების, ისე პროფესიული განვითარების გზაზე.