თებერვალი 19, 2026 03:03

კამპანია “ჩემი ძალა, ჩემი ხმა!”

ლიდერ ქალთა საზოგადოება წარმოგიდგენთ კამპანიის მომდევნო ნაწილს – “ჩემი ძალა, ჩემი ხმა!” ეს უნიკალური კამპანია გახდა სივრცე, სადაც ყოველი ქალბატონის მონაწილეობა განსაკუთრებულია და სადაც ვაღიარებთ და ვზეიმობთ ქალების მრავალფეროვან გამოცდილებებს, წარმატებებს, დაბრკოლებებს და შინაგან სიმტკიცეს.

 

თეა ილურიძე – ექიმი კოსმეტოლოგი, რომელმაც ოცნება რეალობად აქცია

თეა ილურიძე არის ექიმი კოსმეტოლოგი-ინექციონისტი, მეწარმე და ლექტორი. მისი პროფესიული გზა დაიწყო ეკონომისტის კარიერით, სადაც სახელმწიფო სტრუქტურაში წარმატებულ პოზიციას იკავებდა. თუმცა, შინაგანად გრძნობდა, რომ მისი ნამდვილი ადგილი სხვა სივრცეში იყო – იქ, სადაც ადამიანებისთვის სილამაზითა და თავდაჯერებულობით შეეძლო ბედნიერების ჩუქება. უკვე არც ისე ახალგაზრდა ასაკში მან მიიღო გაბედული გადაწყვეტილება – თავიდან გახდა სტუდენტი და მედიცინის სწავლა დაიწყო. დღეს თეა არის საკუთარი ესთეტიკური კაბინეტის დამფუძნებელი, სადაც პაციენტებს აძლევს არა მხოლოდ ესთეტიკურ შედეგს, არამედ შინაგან სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას.

თეა არის BDC აკადემიის ლექტორი და მეწარმე, რომელიც თანამშრომლობს რამდენიმე ქვეყნის წამყვან კომპანიასთან და საქართველოში ექსკლუზიურად შემოაქვს მაღალი ხარისხის ესთეტიკური პროდუქცია. მისი მთავარი მესიჯი ყველა ქალისთვის მარტივია: ,,არასდროს არაფერია გვიან. თუ საქმე გიყვარს და მიზნად დაისახავ, აუცილებლად გამოგივა”. თეას ისტორია არის რწმენის, შრომისა და გაბედული გადაწყვეტილებების მაგალითი, რომელიც ამტკიცებს, რომ ლიდერობა არის გადაწყვეტილება – საკუთარი გზა თავად შექმნა.

 

ნათია გადელია — საბანკო საქმიანობიდან დეველოპმენტამდე: გამოცდილება, რომელიც ფასდაუდებელია

ნათია გადელია პროფესიონალია, რომლის კარიერა ნათლად მოწმობს — სწორად დაგროვილი გამოცდილება სფეროს ზღვარს არ იცნობს. საქართველოს ბანკში გატარებული 19 წელი მხოლოდ სამუშაო სტაჟი არ არის; ეს არის ფინანსური სექტორის ღრმა ცოდნა, ანალიტიკური აზროვნება და სტრატეგიული ხედვა, რომელიც დღეს „მეტროპოლის” დეველოპერულ გარემოში სრულიად ახალ განზომილებას იძენს. ბროკერებთან და პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე იგი ახერხებს, გააერთიანოს ფინანსური სიზუსტე, კომუნიკაციის ხელოვნება და ბაზრის სტრატეგიული გააზრება — ისე, როგორც ამას მხოლოდ მრავალწლიანი პრაქტიკით გამოწრთობილი სპეციალისტი შეძლებს.

ნათიას ამბავი მხოლოდ კარიერული წარმატების ამბავი არ არის — ეს გახლავთ პროფესიული გამბედაობის ამბავი. სადოქტორო კვლევა ფინტექისა და ციფრული ტრანსფორმაციის თემაზე, პარალელურად კი — ყოველდღიური სამუშაო პროცესი, სადაც იდეა საბოლოო პროექტამდე მიყვება: ეს კომბინაცია გამოხატავს ადამიანს, რომელიც თეორიასა და პრაქტიკას ერთმანეთისგან არ მიჯნავს, არამედ ამ ორს ერთმანეთის გასამდიდრებლად იყენებს. მისი სამი მთავარი საყრდენი — მოლაპარაკების უნარი, ეფექტური კომუნიკაცია და კლიენტზე ორიენტირებულობა — ნებისმიერ სფეროში მუშა ფორმულაა, სწორედ ამიტომ ნათია ცვლილებებს არ ეშინია: მათში ის შესაძლებლობას ხედავს.

 

ფიქრია ჩხარტიშვილი — სილამაზე, პასუხისმგებლობა და შინაგანი სიძლიერე

ფიქრია ესთეტიკური მედიცინისა და კოსმეტოლოგიის სპეციალისტია, რომლის პროფესიული გზა შრომითა და ჭეშმარიტი გამძლეობით არის ნაქსოვი. წლების განმავლობაში, დამოუკიდებლად შეძენილი ცოდნით, მუდმივი განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, მან შექმნა საკუთარი სამყარო — სადაც უსაფრთხოება, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა არა მხოლოდ სიტყვებია, არამედ ყოველდღიური საქმიანობის საფუძველი. მისთვის მთავარია, რომ თითოეული ქალი, ვინც მასთან მოდის, გარეგნული ცვლილების მიღმა შინაგანადაც გამძლავრდეს და თავდაჯერებულობა იპოვოს.

დღეს ფიქრია ერთდროულად პრაქტიკოსი სპეციალისტია და პედაგოგი — ასწავლის, იზიარებს გამოცდილებას და სხვა ქალებს ეხმარება სილამაზისა და პროფესიული ზრდის გზაზე. სწორედ ეს ორმაგი როლი — სპეციალისტისა და მასწავლებლის — განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ავსებს მის საქმიანობას. მისი ამბავი მოწმობს, რომ ჭეშმარიტი სიძლიერე არ ნიშნავს სირთულეების არარსებობას — ის ნიშნავს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ადამიანი მაინც წინ მიდის, რწმენით, შრომით და საკუთარი არჩეული გზისადმი ერთგულებით.

 

ნანა ფიფია — ზუსტი მეცნიერებიდან ოქროს სამყაროში

ნანა ფიფია ადამიანია, რომელიც ორ ერთი შეხედვით განსხვავებულ სამყაროს — მათემატიკის სიზუსტეს და სამკაულების ემოციურ სამყაროს — ერთ თანმიმდევრულ ლოგიკად აქცევს. განათლების მეცნიერებათა დოქტორი, მათემატიკოსი, რომელმაც ზუსტი მეცნიერების ანალიტიკური მიდგომა ბიზნესსა და ლიდერობის სტილში გადაიტანა — მისი Gold Market Tbilisi ამის ნათელი მაგალითია. სამკაული მისთვის მხოლოდ ნივთი არ არის, ეს არის ემოცია, სიმბოლო და მომენტი, სწორედ ამ ხედვამ კი ჩვეულებრივი გაყიდვის სივრცე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბრენდად აქცია.

მისი ლიდერობის ფორმულა მარტივია, მაგრამ ძლიერი: გადაწყვეტილება — გათვლა, შეფასება, მოქმედება; გუნდი — საერთო მიზანი, ერთიანი ტალღა, სინერგია; და ყოველდღიური დისციპლინა — სპორტი, რეჟიმი, შინაგანი ენერგია, რომელიც სტრესულ გარემოში სტაბილურობას ინარჩუნებს. ნანა ფიფიას ამბავი კი ახალგაზრდებისთვის ერთ მთავარ გზავნილს შეიცავს: წინსვლა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი ყველაზე ძნელ მოწინააღმდეგეს — საკუთარ თავს — ამარცხებს.

კომენტარის დატოვება