დეკემბერი 19, 2025 23:46

ნომინაციაში “წლის გამორჩეული ქალი იურიდიულ განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში – 2025” წარდგენილია ირმა კახიძე

ირმა კახიძე — ქალი, რომელმაც იურიდიული ცოდნა რეალურ შესაძლებლობებად აქცია

ირმა კახიძე იურისტია, იურიდიული განათლების სფეროში კი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მენეჯერად მიიჩნევა საქართველოში. იურიდიულ სფეროში უკვე თითქმის ათი წელია საქმიანობს და ამ დროის განმავლობაში მისი პროფესიული გზა მჭიდროდ დაუკავშირდა როგორც პრაქტიკულ საქმიანობას, ისე იურიდიული განათლების განვითარებას, ახალგაზრდების და არამხოლოდ ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობასა და პროფესიული უნარების გაძლიერებას.

კარიერის დასაწყისშივე მან მკაფიოდ დაინახა ის ხარვეზი, რომელიც ხშირად არსებობს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შორის. სწორედ ამ დაკვირვებამ და მოტივაციამ განაპირობა ის გადაწყვეტილება, რომ თითქმის ათი წლის წინ დაეფუძნებინა „საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა“ — პირველი ტრენინგცენტრი, რომლის მთავარი სამიზნე აუდიტორია იურიდიული სფეროს წარმომადგენლები არიან.

მისი ხელმძღვანელობით სკოლა სთავაზობს პრაქტიკულ სასწავლო კურსებს, სემინარებს და პლატფორმას, სადაც სხვადასხვა თაობის იურისტებს ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ეძლევათ. 2017 წელს ირმამ წარმატებით გაიარა LRQA-ს „ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის“ კურსი, რაც ორგანიზაციული მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში დაეხმარა და მისი საქმიანობის სტრუქტურულ განვითარებას კიდევ უფრო მეტი სიზუსტე და ეფექტიანობა შესძინა.

2025 წლიდან ირმა კახიძე ასევე ხელმძღვანელობს „იურისტთა საერთაშორისო საზოგადოებას“ (International Society of Lawyers), რომელიც ორიენტირებულია ახალი შესაძლებლობების შექმნაზე როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს იურიდიული განათლების განვითარებას, პრაქტიკული ცოდნის გავრცელებას, იურისტების პროფესიულ ზრდასა და დასაქმების ხელშეწყობას. „იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების“ ფარგლებში დაარსდა ცხელი ხაზი, რომელიც ემსახურება იმ მოქალაქეებს, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს უფასო იურიდიული კონსულტაცია. ამ კეთილ საქმეში აქტიურად არიან ჩართული სტაჟიორები — იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და დამწყები იურისტები, რომლებიც კვალიფიციურ იურისტებთან ერთად რეალურ მოქალაქეთა ქეისებზე მუშაობენ და უსასყიდლოდ უწევენ მათ სამართლებრივ დახმარებას.

ამ მოდელით ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი მიზანი მიიღწევა: მოქალაქეები იღებენ აუცილებელ იურიდიულ მხარდაჭერას, ხოლო ახალგაზრდები გადიან პრაქტიკულ სტაჟირებას, იძენენ რეალურ გამოცდილებას და ზრდიან დასაქმების შანსს.

ირმა კახიძის მთავარი მოტივაცია ყოველთვის იყო სამართლიანობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და იურიდიული პროფესიის გაძლიერება. მან დაინახა, რამდენი ადამიანი რჩება იურიდიული დახმარების გარეშე ფინანსური შესაძლებლობების არქონის გამო, და ამავე დროს — რამდენი ნიჭიერი სტუდენტი ვერ ახერხებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. სწორედ ამ ორი პრობლემის ერთობლივმა გააზრებამ ჩამოუყალიბა გზა, რომელსაც დღეს თანმიმდევრულად მიჰყვება.

დასაქმების ხელშეწყობა მისი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და ეს მხოლოდ ერთ პროექტში არ გამოიხატება. ახლახანს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ ირმა კახიძე 2025 წლის „საუკეთესო პარტნიორის“ ტიტულით დააჯილდოვა.

ამ სტრუქტურებთან თანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელდა ორი იურისტთა დასაქმების ფორუმი, სადაც დამსაქმებლებს შესთავაზეს სანდო და კვალიფიციური კადრები, ხოლო არაერთი სტაჟიორი თავადაც დასაქმდა. სწორედ ამ თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისთვის მიენიჭა მას აღნიშნული ტიტული.

დღეს მისი მოტივაცია კიდევ უფრო გაძლიერებულია — ხედავს რეალურ შედეგებს: დასაქმებულ ახალგაზრდებს, დახმარებულ მოქალაქეებს და გაძლიერებულ იურიდიულ საზოგადოებას. ეს კი აძლევს ძალას, გააგრძელოს დაწყებული გზა და კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული შესაძლებლობა შექმნას იქ, სადაც იურიდიული ცოდნა რეალურ მხარდაჭერად და რეალურ ცვლილებად უნდა იქცეს.

 

კომენტარის დატოვება