ნოემბერი 25, 2024 16:06

ნომინაციაში, “წარმატებული ბიზნესის,ჰუმანური ღირებულებებისა და ინოვაციური მიდგომების სინთეზი”-2024, წარდგენილია, თამარ შამათავა

თამარ შამათავა წარმოადგენს თანამედროვე ქართული მოდის ინდუსტრიის გამორჩეულ სახეს, რომელმაც თამამი ნაბიჯით იურიდიული კარიერიდან მოდის სამყაროში გადაინაცვლა და დღეს Georgian Sewing Company-სა და ბრენდ Tamone-ს  დამფუძნებელია. მისი პროფესიული ტრანსფორმაცია იწყება იმ პერიოდიდან, როდესაც ოჯახის გავლენით იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ წარჩინებული სტუდენტი იყო მას მუდმივად სურდა რაღაც სხვა,  ახლის შექმნის სურვილი.

თამარმა გააცნობიერა  რომ მოდის სფერო იყო ის, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა, მან მიიღო გაბედული გადაწყვეტილება – დაეტოვებინა იურიდიული კარიერა და სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტზე გაეგრძელებინა სწავლა. ამ დარგში წარმატების მიღწევა და თავის დამკვიდრება შეუძლებელი იქნებოდა პროფესიული განათლების გარეშე. სწავლის პერიოდში, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, თამარმა შეგირდად დაიწყო მუშაობა, რამაც მას დარგის სპეციფიკის სიღრმისეული შესწავლის საშუალება მისცა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თამარის კარიერული არჩევანი მნიშვნელოვნად განაპირობა დედის გავლენამ. ბავშვობიდან იგი აკვირდებოდა, თუ როგორ იყენებდა დედა ტანსაცმელს არა მხოლოდ გარდერობის ნაწილად, არამედ თვითგამოხატვის საშუალებად. დედის, როგორც სილამაზისა და ელეგანტურობის სიმბოლოს, მოდისადმი განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ, გადამწყვეტი როლი ითამაშა თამარის პროფესიულ არჩევანში.

პროფესიული განვითარების გზაზე, თამარმა თანდათანობით გაიარა ყველა საფეხური – დაიწყო პატარა სტუდიით და შემდგომ გახსნა სამკერვალო ფაბრიკა, რამაც მას საშუალება მისცა თავისუფლად განეხორციელებინა საკუთარი შემოქმედებითი იდეები. დღეს მისი მთავარი მიღწევაა წარმატებული და მდგრადი ბიზნესი – სამკერვალო ფაბრიკა ქუთაისში, სადაც 50-ზე მეტი ადგილობრივი ქალბატონია დასაქმებული, და მაღაზია-სალონი თბილისში, რომელიც წარმატებით აერთიანებს სამომხმარებლო და დიზაინერულ შემოქმედებას.

მისი ბიზნეს საქმიანობა გამორჩეულია იმით, რომ იგი სცდება მხოლოდ კომერციულ წარმატებას. ფაბრიკისა და მაღაზიის მენეჯმენტთან ერთად, კომპანია აქტიურად მონაწილეობს მოდის კვირეულებზე და, რაც მთავარია, მნიშვნელოვან სოციალურ როლს ასრულებს საზოგადოებაში. კომპანიის ფარგლებში მოქმედებს სამთვიანი უფასო კურსები კონსტრუირებასა და ჭრა-კერვაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ქალბატონს შეუძლია შეისწავლოს ან განავითაროს პროფესიული უნარები.

როგორც გამოცდილი ბიზნეს ლიდერი, თამარი მნიშვნელოვან რჩევებს აძლევს დამწყებ პროფესიონალებს. მისი მთავარი გზავნილია – არ შეუშინდნენ საკუთარ ხედვასა და იდეებს, იქონიონ მტკიცე რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში, რადგან სწორედ თავდაჯერებულობა დაეხმარებათ მათ რთული გზის გადალახვაში. ამასთან, იგი ხაზს უსვამს მუდმივი პროფესიული განვითარების მნიშვნელობას კურსების, სემინარებისა და ახალი ტექნოლოგიების გაცნობის გზით.

თამარის სამომავლო ხედვა მოიცავს ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას – ასორტიმენტის გაზრდას, ახალი ბაზრების ათვისებას და ბრენდის საერთაშორისო მასშტაბით განვითარებას. პარალელურად, იგი გეგმავს გააფართოოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროგრამები, რაც მათ კარიერული წინსვლის მეტ შესაძლებლობას მისცემს.

თამარ შამათავას პროფესიული გზა წარმოადგენს  მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა მიყვეს ადამიანი საკუთარ შინაგან მეს, დღესდღეობით ის ახერხებს ბიზნესის წარმატებით მართვასა და ამავდროულად მნიშვნელოვანი წვლილის შეიტანას საზოგადოების განვითარებაში. მოდის ინდუსტრიაში წარმატების მიღწევა მოითხოვს არა მხოლოდ კრეატიულობას და ინოვაციურობას, არამედ ბაზრის მოთხოვნების ცოდნას, შრომისმოყვარეობას და, რაც მთავარია, სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას.

 

კომენტარის დატოვება