ნოემბერი 23, 2024 19:40

ნომინაციაში ,,საქართველოს ავიაციის ძალური გადაცემების პირველი ტექნიკოსი ქალი და წარმატებული სისხლის სამართლის ადვოკატი-2023” წარდგენილია თეა კასრაძე

ქალბატონი თეა გახლავთ, სამართალმცოდნეობის მაგისტრი, სისხლის სამართლის ადვოკატი, ამჟამად სწავლობს მაგისტრატურაზე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, საინჟინრო ფაკულტეტზე და მსახურობს საქართველოს თავდაცვის ძალებში, შერეულ საავიაციო ესკადრილიაში UH-1H ტიპის შვეულმფრენების ძალური გადაცემების ტექნიკოსად, ის ასევე, არის თავდაცვის მინისტრის სტიპენდიატი.

– მოგვიყევით თქვენი და თქვენი საქმიანობის შესახებ…

-13 წლის ასაკში დავიწყე Brake Dance-ის ცეკვა, 15 წლიდან შევუერთდი სამოდელო სააგენტოს, ამ მოცემულობაში გამოვიმუშავე როგორც პლასტიკა, აგრეთვე თუ შეიძლება ასე ითქვას, ქალური დახვეწილობა, როგორიც არის, სიარულის მანერა, საუბარი, თავშეკავებულობა, თავდაჭერილობა. ვისწავლე სხეულის ფლობა, მართვა და ბევრი სასარგებლო რამ. როგორც კი უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე „სამართალმცოდნეობაზე“ ჩავაბარე, შევუდექი დამოუკიდებლობის სწავლას, აქედან იწყება ჩემი სამუშაო გამოცდილებაც, ვეზიარე რამდენიმე სფეროს და მივხვდი, რომ შესაძლებლობებს ფარგლები არ ჰქონდა.

მაგალითად, 18-19 წლის ასაკში მოვხვდი სარეკლამო ბიზნესში რიგით თანამშრომლად, დროთა განმავლობაში თავად შევძელი ამეყვანა ადამიანები და დამესაქმებინა, გამოცდილება, რომელიც შევიძინე, თვითონ ვაქციე ბიზნესად, თუმცაღა საყვარელი პროფესიის დაუფლებას და პროფესიონალად ჩამოყალიბებას პარალელურად პრაქტიკები სჭირდებოდა, ამიტომაც უარი ვთქვი მასზე და გადავინაცვლე სასამართლოში – ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, სადაც დავყავი 6 თვეზე მეტი.

ცხადია სასამართლოში მიღებულმა ცოდნამ, ურთიერთობებმა და გამოცდილებამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. უნივერსიტეტში ვიყავი საკმაოდ წარმატებული, აქტიური სტუდენტი, ვიღებდი სტიპენდიას, თავიდანვე ვიცოდი, რომ სისხლის სამართალს გავყვებოდი, ვინაიდან სირთულეები ჩემი სფეროა.

ვფიქრობ, ჩემი შესისხლხორცება სამართალთან გარკვეულწილად გენეტიკის დამსახურებაც არის. ჩემი დიდი პაპა საქართველოში იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული გახლდათ. ცხადია ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ მოტივაცია იყო ჩემთვის, რათა გამემართლებინა  ოჯახის, ლექტორების და ქვეყნის იმედები. ბაკალავრის დასრულებისთანავე სწავლა განვაგრძე მაგისტრატურაზე, უკვე 1 შვილით და მეორეს მოლოდინში, აქაც გავხდი სტიპენდიატი, კურსი დავხურე წითელ დიპლომზე, ჩავაბარე საკმაოდ რთული ადვოკატის გამოცდები, გავიარე პრაქტიკა და ავიღე ლიცენზია სისხლის სამართალში. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი ჩემს სფეროში, ძირითადად რჩევების, კონსულტაციის სახით, ვინაიდან პარალელურად ვაბარებდი პოლიციის აკადემიაში და ველოდებოდი მათ პასუხს. ამ ყველაფერთან ერთად ერთ-ერთი ჩვეულებრივი გასაუბრებიდან ამიყვანეს სამსახურში იურისტად, გარკვეული დროის შემდეგ კი მფლობელებმა ჩამაბარეს მეორე კომპანიის დირექტორობაც.

ამასთან ერთად, ვსწავლობდი „უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიაში“ სხვადასხვა მოდულებს: ანტიტერორიზმი, არავერბალური კომუნიკაცია,ტყუილის ამოცნობის ხელოვნება, კიბერუსაფრთხოება, დაზვერვა,კონტრდაზვერვა, სახელმწიფო და ეროვნული უსაფრთხოება, ღია წყაროების ანალიზი და სხვა.

და აი ისიც, გაისმა ზარი პოლიციის აკადემიიდან, მიღებაზე მითხრეს უარი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი წარმატებით ჩავაბარე, ფაქტობრივად ამ ყველაფერმა გადაწყვიტა ჩემი მომავალი.

დავაფუძნე საკუთარი შპს „ადვოკატერია“ და გადავწყვიტე საადვოკატო ოფისის გახსნა, თუმცა ფიქრი სახელმწიფო სამსახურის შესახებ არ მტოვებდა და გულიც მწყდებოდა.

შემდეგ, შემომთავაზეს საქმიანობის გაგრძელება ერთ-ერთ IT კომპანიაში, რაზედაც დავთანხმდი, ვინაიდან ძალიან მაინტერესებდა, მეხერხებოდა კიდეც და ესეც დიდი გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის. რამდენიმე თვე დავყავი მხარდაჭერის განყოფილებაში. თავდაპირველად ეჭვის თვალით მიყურებდნენ, სად სამართალი, სად პროგრამირებაო, თუმცა საბოლოოდ დაკვირვებისა და გამოცდების შემდეგ, შემომთავაზეს სრულ განაკვეთზე სამსახურში აყვანა, რაზედაც უარი ვთქვი, რადგანაც გადავწყვიტე, რომ არ უნდა დავნებებულიყავი და მებრძოლა საკუთარი მიზნისთვის.

შემთხვევით გავიგე საოფიცრო კურსის შესახებ, უმალვე გადავაგზავნე მონაცემები, დამიკავშირდნენ და ამის შემდეგ დაიწყო 10 კვირიანი საბრძოლო მომზადების ფაქტობრივად ექსპერიმენტული კურსი. ოჯახის ყველა წევრმა ინდივიდუალურად მიიღო ჩემი გადაწყვეტილებმა, მშობლები მხარში დამიდგნენ, ძალიან გამიჭირდა შვილების დატოვება, მაგრამ მათი მომავლისთვის ასე იყო საჭირო, ისევე, როგორც მთელი ოჯახისათვის, ვინაიდან, როგორც დედისერთას და მარტოხელა დედას, ძალზედ დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება მათ წინაშე.

ასე მოვხვდი „ქუსლებიდან ბათინკებში“.. ჯარსაც გაუჭირდა ჩემი მიმღეობა, ზოგიერთი ბოლომდე ორიენტირებული იყო, რომ წავიდოდი და ვერ გავუძლებდი იმ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ დატვირთვას, რაც შემხვდა; მაგრამ ერთი რამ არ იცოდნენ, რომ ყოველი დაბრკოლება, მხოლოდ მოტივაციას მაძლევდა, ვნებდები მხოლოდ მაშინ, როდესაც – არასდროს!

დავასრულე აკადემია და ავირჩიე სამხედრო ავიაცია, აქ გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემი ლექტორის ფრაზა:

„ავიაცია პირველი შედის ბრძოლის ველზე და ბოლოს გამოდის“.

წარმატებით გავიარე ტექნიკოსის კურსი, პრაქტიკა, ამის შემდეგ, ძალური გადაცემების ტექნიკოსის კურსი, რომელიც ავირჩიე ისევ მისი სირთულიდან გამომდინარე და გავხდი პირველი ძალური გადაცემების ტექნიკოსი ქალი.

ეს ის ადგილია, სფერო, სადაც ფრთები მაქვს, ეს არის სიამოვნების პიკი, რომელმაც საკუთარ თავში აღმომაჩენინა ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.

ავიაციის სიყვარულში კვლავ სტუდენტი გავხდი, კვლავ ჩავაბარე  მაგისტრატურაზე, საინჟინრო ფაკულტეტზე, რასაც, ასევე დიდი წარმატებით ვართმევ თავს.

-ის რომ ქალი ხართ, რამდენად გიწყობთ ხელს თქვენი საქმიანობის წარმართვაში….

-ყოველთვის ვცდილობ გენდერული ბალანსის შენარჩუნებას, თავდაპირველად ცოტა არ იყოს და ჩემს საქმიანობაშიც გაუჭირდათ ჩემი, როგორც ქალის მიღება, თუმცა, როდესაც დაინახეს მიზანი, სიჯიუტე, თავდაჯერება, სიმტკიცე, ეტაპობრივად შეეჩვივნენ, ყველაფერში გვერდში დამიყენეს, გამიზიარეს ცოდნა და ახლა ამბობენ ხოლმე, რომ ჩემ გარეშე ცარიელი ხდება სამსახური, მე კი მოვიხსენიებ, როგორც „ჩემი ბიჭები“, ეს არის ერთი ოჯახის განცდა, ეს ხალხი ჩემს ერთ-ერთ მოტივაციად იქცა. მქონია მომენტები, როდესაც უცხო ადამიანი მოსულა და უკითხავს „უი, ქალი ხართ და ბორტზე მუშაობთ?“ ვერ ვიტყვი, რომ ქალობა ხელს მიწყობდა, პირიქით, მიშლიდა კიდეც ქართული მამაკაცური ჯენტლმენობიდან თუ თავდაპირველი ნდობიდან გამომდინარე, რადგანაც, ცდილობდნენ მძიმე და რთული, ჭუჭყიანი სამუშაოებზე ჩემს არიდებას, ამიტომაც იმაზე მეტი დრო დამჭირდა მამაკაცთა საზოგადოებაში ადაპტირებისათვის, ვიდრე კაცს დასჭირდებოდა.

მიზნებისკენ სწრაფვას სქესი ვერ აბრკოლებს!

-რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

-ჩემი მთავარი მიღწევაა ჩემი ოჯახი, შვილები, რომლების კეთილდღეობის და ნათელი მომავლისთვისაც თავგამოდებით ვიბრძვი. ამასთან ერთად, მივაღწიე ერთ-ერთ მთავარ მიზანს, ვიყო მოტივაციის წყარო სხვა ქალებისთვის, რომელთაც უჭირთ ოჯახთან ერთად კარიერის აწყობა და მიზნების მიღწევა, თავის დამკვიდრება საზოგადოებაში მარტოხელა დედის სტატუსის ქვეშ. თამამად ვამსხვრევ შეხედულებას სიტყვებზე: „დრო არ მაქვს“ და „არ შემიძლია“.

-გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში…

-ჩემთვის ქალია ყველაფრის საწყისი – სიცოცხლის, კეთილშობილების, კეთილგონიერების, განათლების, სიკეთის, წყალობის, რწმენის და ა.შ. ვინაიდან სწორედ ასეთი ქალები ზრდიან საღად მოაზროვნე საზოგადოებას. ამიტომაც განათლებული, წარმატებული, მტკიცე ხასიათის, სამაგალითო ქალები ძალზედ დიდ როლს თამაშობენ მაღალი მართლშეგნების, დადებითი საზოგადოების, თაობების – ზოგადად ერის ჩამოყალიბებაში.

-რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

-არასდროს თქვათ, რომ რაღაც არ შეგიძლიათ, არ არსებობს შეუძლებელი რამ, თუ სხვამ შეძლო მისი სწავლა და ათვისება, ე.ი. თქვენც შეგიძლიათ, მთავარია გჯეროდეთ! ისწავლეთ დროის მენეჯმენტი და არასოდეს დანებდეთ! ეძიეთ შანსები, განვითარების გზები, საიდანაც მიხვალთ თქვენს მიზნამდე. არ დაკარგოთ დრო იმის კეთებაში, რაც არ გსიამოვნებთ. არ აიძულოთ თავი იყოთ იქ, სადაც თავს ბედნიერად ვერ გრძნობთ! გახსოვდეთ, ზუსტად ის დაგიბრუნდებათ სამყაროსგან, რასაც მასში დააბანდებთ!

 

კომენტარის დატოვება