ივნისი 19, 2025 16:46

ნომინაციაში “პროფესიული ერთგულების ჯილდო – 2025” წარდგენილია ნანა გურული

“ამ კვირაში ლიდერ ქალთა საზოგადოებამ ნანა გურული, რომელიც 47-ე სკოლაში მოღვაწეობს, “პროფესიული ერთგულების ჯილდოზე” წარადგინა. ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ქალბატონი ნანა გამორჩეულია თავისი თავდადებით, მოწოდებისადმი ერთგულებითა და პროფესიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით.

“ნანა გურული არის პედაგოგი, რომელიც თავისი საქმიანობით ყოველდღიურად ადასტურებს, რომ მასწავლებლობა არა მხოლოდ პროფესიაა, არამედ ცხოვრების წესი. მისი მრავალწლიანი უწყვეტი და მიზანმიმართული საქმიანობა, მუდმივი პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა და მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სწორედ ის კრიტერიუმებია, რომელთა გამოც ის იმსახურებს პროფესიული ერთგულების ჯილდოს,” – აღნიშნა ლიდერ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარემ.

ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ ქალბატონი ნანას ღვაწლს ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის მიმართულებით. “ქალბატონი ნანა თავისი მაგალითით და საქმიანობით ახალგაზრდებში აღვივებს მშობლიური ენისა და ეროვნული ლიტერატურის სიყვარულს, რაც ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია,” – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ქალბატონი ნანა საკმაოდ ხშირად და აქტიურად იღებს მონაწილეობას რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში, სადაც უზიარებს კოლეგებს საკუთარ გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში. ის ჩართული იყო განათლების სამინისტროს პროექტში, რომელიც ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებას ეხებოდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სწორედ ახალ სწავლების მიდგომებთან დაკავშირებული კომპონენტების განვითარებაში.

პროფესიული გზის არჩევანზე საუბრისას ქალბატონი ნანა აღნიშნავს: “ყოველთვის მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა. ბავშვობიდანვე აღფრთოვანებული ვიყავი სიტყვის ძალით, პოეზიით. მჯერა, რომ ენა და ლიტერატურა ერის სულისკვეთების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი მომავალი თაობისთვის ამ ღირებულებების გადაცემა უმნიშვნელოვანესია.”

კოლეგები ქალბატონ ნანას ახასიათებენ, როგორც თანამედროვე, შემოქმედებით და მოსწავლეზე ორიენტირებულ პედაგოგს, რომელიც მუდმივად ეძებს სწავლების ახალ და ეფექტურ გზებს.

ქ-ნ ნანა, რომელიც მეუღლესთან ერთად ზრდის ქალ-ვაჟს, სიამაყით აღნიშნავს, რომ მისი ოჯახიც ჩართულია მის პროფესიულ საქმიანობაში და მხარს უჭერს მის საგანმანათლებლო ინიციატივებს.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ნანა გურული აღნიშნავს: “მინდა, ხელი შევუწყო მოსწავლეებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას, ჩემი მიზანია, ვიყო ისეთი მასწავლებელი, რომელიც შთააგონებს მოსწავლეებს და მოამზადებს მათ მომავალი გამოწვევებისთვის. მინდა ახალგაზრდებს ფიქრი ვასწავლო. წარსულისა და აწმყოს გააზრებით მომავალში გადავახედო, თუ ეს შევძელი, ჩავთვლი, რომ მიზანს მივაღწიე.”

“განათლების ხარისხი განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. მასწავლებლის როლი კი განუზომელია მოსწავლის ცხოვრებაში, როგორც განათლების, ისე პიროვნული განვითარების მხრივ,” – ამ რწმენით აგრძელებს თავის საქმიანობას ნანა გურული, პედაგოგი, რომელიც საკუთარი მაგალითით ადასტურებს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება ეროვნული მნიშვნელობის მისიაა.”

კომენტარის დატოვება