ნოემბერი 23, 2024 06:29

ნომინაციაში “პროფესიონალიზმი და მომავალი თაობის იმედი – 2024” წარდგენილია ეკა ერაძე

დღეს ლიდერ ქალთა საზოგადოების რიგებს შემოუერთდა ეკა ერაძე. ეკა პროფესიით ექიმი, ოფთალმოლოგია.

ქალბატონი ეკა ეცნობა ლიდერ ქალთა საზოგადოებას, გვიყვება თავისი საქმიანობის შესახებ:

– ჩემი  პროფესიული განვითარება დაიწყო 2007 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, შემდეგ გაგრძელდა 2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ოფთალმოლოგიის რეზიდენტურით. 2017  წლიდან დავიწყე მუშაობა „ნიუ ჰოსპიტალში“,   რომელიც დღემდე გრძელდება. რეზიდენტურის დაწყებიდან დღემდე მაქსიმალურად ვცდილობ მივიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონგრესებზე, რათა  მაქსიმალურად მოხდეს ჩემი პროფესიული განვითარება. ვიმყოფებოდი როგორც ევროპის, ასევე ამერიკის საერთაშორისო პედიატრიულ კონგრესზე. ყველაფერი  ჯერ კიდევ წინ არის.  ყოველდღიური განვითარება გრძელდება ჩვენი საყვარელი და საინტერესო პაციენტებთან ურთიერთობით.

 

საინტერესოა, ის რომ ქალი ხართ, რამდენად გიწყობთ ხელს  თქვენი საქმიანობის წარმართვაში….

– ვერ ვიტყოდი, რომ ჩემი ქალად ყოფნა ხელს მიწყობს ჩემს საქმიანობაში, რადგან ამასთანავე ვარ დედა და მეუღლე.  ჩემი  პროფესია კი მოითხოვს მაქსიმალურად დროის დათმობას პაციენტებისთვის  ნებისმიერ დროს.

 

გაგვიზიარეთ რთული სიტუაცია, რომელიც შეგხვდათ თქვენს კარიერაში, ან ბიზნესში და როგორ გადალახეთ იგი. რა ისწავლეთ ამ გამოცდილებიდან?

-ჩემი პროფესია ყოველდღე სავსეა სირთულეებით, რადგან ეხება მხედველობას, განსაკუთრებით ბავშვების.  ყოველი ახალი პაციენტი სავსეა გამოწვევებით და რაც მთავარია გამოცდილებით.   გავიხსენებდი ერთ-ერთ ჩემთვის რთულ გამოწვევას, როდესაც  პირველად მომიხდა 202 საჯარო სკოლაში ( მხედველობა დაქვეითებულთა სკოლაში) მოსწავლეების გასინჯვა. პირველ დღეს სანამ სკოლის კარს შევაღებდი ვფიქრობდი, თუ რა რთული იქნებოდა ასეთ ბავშვებთან შეხვედრა, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ აი სად შევცდი…   მოვხვდი ბავშვებში, რომლებიც მიუხედავად მცირე მხედველობისა, აღმოჩნდნენ უსაზღვროდ განვითარებულები, მხიარულები, მოსიყვარულეები და რაც მთავარია, ეს სითბო მათთან დღემდე გრძელდება.

 

რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად?

-ჩემს მთავარ მიღწევად ვთვლი, რომ ვარ ექიმი.  ყოველ ახალი დღე არის ახალი მოგზაურობა პროფესიულ განივთებაში, რომლის გარეშეც არ არსებობს ექიმის პროფესია. იმედია დღითი დღე თითოეული პაციენტის შენარჩუნებული, თუ გაუმჯობესებული მხედველობა იქნება ახალი მიღწევა. ჩვენი მომდევნო თაობისთვის იქნება მთავარი წყარო, რომ გააკეთონ იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ შევძლებთ.

 

გთხოვთ გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში

-ქალის როლი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში, პირველ რიგში, როგორც დედა. ჩემი მთავარი მიღწევის ასე კონკრეტულად გამოყოფა გამიჭირდება,  მაგრამ თითოეული რთული პაციენტის გამოჯანმრთელება არის მიღწევა.  რაც შეეხება პროექტებს,  ამ ეტაპზე  ვაორგანიზებ  განათლების სამინისტროდან თანხმობის საფუძველზე საჯარო სკოლებიდან ბავშვების უფასო კონსულტაციებს კლინიკის ბაზაზე.  ეს გვაძლევს საშუალებას გვყავდეს ჯანმრთელი თაობა და მომავალი.

 

რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა  დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

-პირველ რიგში ვურჩევ, რომ იყვნენ მაქსიმალისტები თავიანთ საქმეში, გააზრებული ჰქონდეთ პასუხისმგებლობა და არ დაიზარონ იმის კეთება, რაც უყვართ. ესა თუ ის დაბრკოლება არ უნდა გახდეს მათი შეფერხების მიზეზი, პირიქით ის არის პირდაპირი საშუალება წინსვლისა და განვითარების.

 

კომენტარის დატოვება