ნოემბერი 23, 2024 15:23

ნომინაციაში “2024 წლის საუკეთესო ლიდერი ქალი ჯანდაცვის სფეროში” წარდგენილია თეონა ჭიღლაძე

„გათენებული ღამეებისა და სტრესის შემდეგ, როდესაც ხედავ შედეგს და შენ თავთან იტყვი

“დიახ ესეც გამომივიდა“ ~  ყველაზე დიდი ჰონორარი და  მოტივაციაა ჩემთვის“–  ეს სიტყვები ნიჭიერ და რეალიზებულ ქალბატონს, თეონა ჭიღლაძეს ეკუთვნის.

თეონა პროფესიით პედაგოგია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით არასდროს უმუშავია, პედაგოგის უნარ-ჩვევები  კარიერის ყველა ეტაპზე გამოადგა. მიზანდასახულობა,  მონდომება, დისციპლინა მისი პროფესიული საქმიანობის კრედოა და ყველა მიზნის მიღწევაში ეხმარება.

„ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ დაწესებულებას უკავშირდება.  იქ  ვისწავლე დიდ ორგანიზაციაში მუშაობის და  მართვის  კულტურა,  თუმცა ყოველთვის ახლის ძიებასა და სწავლაში ვარ.  საბანკო სფერო ძალიან მოსაწყენი და რუტინული აღმოჩნდა ჩემთვის და გადავწყვიტე რაღაც ახალი მესწავლა.  საფინანსო სფეროდან ფარმაცევტულ კომპანიაში გადავწყვიტე თავი გამომეცადა,   რაც საკმაოდ რთული იყო პროფესიით პედაგოგისთვის.“

როგორც თეონა გვიყვება, მისი გზა სამედიცინო წარმომადგენლობამდე  მარტივი არ ყოფილა.  მას  სკეპტიკურად უყურებდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ იგი პროფესიით ექიმი არ იყო ფიქრობდნენ, რომ  მუშაობას ვერ შეძლებდა. თუმცა, კომპანიის  დირექტორი მას ენდო სიტყვებით  „მე შენ გაძლევ შანსს, ვფიქრობ კომუნიკაცია შენი კოზირია და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება შენთვის რას ყიდი მედიკამენტს თუ საბანკო პროდუქტს“. თეონასთვის ეს სიტყვები და ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მან მთელი  ენერგია და პროფესიული უნარ-ჩვევები მიმართა ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„დირექტორმა დამიშვა ტრენინგებზე,  სადაც ყველა დაავადებას თვისი გაიდლაინებით მასწავლიდნენ.  ბევრი ვიშრომე და ვისწავლე  და დაახლოებით 10 კანდიდატიდან, რომელთა უმეტესობა ექიმები და ფარმაცევტები იყვნენ, მხოლოდ მე შევძელი ყველა ეტაპის გავლა.  ასე მოვხვდი ჩემთვის  ყველაზე საყვარელ სფეროში, მედიცინაში…“

კარიერული წინსვლის პარალელურად თეონა სამი შვილის დედაა, თუმცა დედობა ხელის შემშლელი ფაქტორი არასდროს ყოფილა მისთვის . 2019 წელს ის მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკში (სამედიცინო ლაბორატორიაში)  გადავიდა სამუშაოდ გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

„არ მინდა ამბიციურ განაცხადად ჩამეთვალოს, მაგრამ  დიდი შრომით და სწორი კომუნიკაციით კონტრაქტორი კლინიკების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა,  კვალიფიციური მარკეტინგით ინდივიდუალური პაციენტები მოვიზიდეთ. პატარა ორგანიზაციამ მიიღო ქსელური ლაბორატორიის სახე.  ჩვენი ბინაზე გამოძახების სერვისი ძალიან მოთხოვნადი სიახლე გახდა,  განსაკუთრებით  covid 19 -ის დროს.

ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა  იმ მხარეშიც, საიდანაც მე ვარ  წარმოშობით, ყოფილიყო უმაღლესი სტანდარტის ლაბორატორია და ჩემს პარტნიორთან ერთად  (შპს მედიქალ  ვორლდის დამფუძნებელთან ერთად ) გავხსენი შპს „ემლაბ სამცხე“  – ლაბორატორია ქალაქ ახალციხეში, რომელიც დღეს უკვე მეორე ფილიალით ქალაქ  ახალქალაქშიცაა წარმოდგენილი  და ადგილობრივებს აწვდის სანდო და ხარისხიან სამედიცინო ლაბორატორიულ სერვისს.

იგი მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკის ლოგოს ქვეშაა და ატარებს ამავე კომპანიის სახელს,  ინტერესებს და სრულად შეესაბამება  გერმანული ხარისხის ლაბორატორიის სტანდარტებს.

„ვარ ახალციხე-ახალქალაქის  ლაბორატორიების  თანადამფუძნებელი და დირექტორი, ამასთანავე გახლავართ  გერმანული  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრ მედ 11-ის  გენერალური დირექტორი და ჩემი საქმიანობა სამედიცინო სფეროში  გრძელდება აქ.

ქალბატონი თეონა არასდროს ჩერდება  და წყვეტს პროფესიულ განვითარებას.  მან თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირებისა და მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამა წარმატებით გაიარა და როგორც ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს,  ეს იყო უდიდესი შესაძლებლობა გაეღრმავებინა ცოდნა მენეჯმენტის მიმართულებით და სწორი მართვის პრაქტიკულ გამოცდილება თეორიული საფუძვლით გაემყარებინა.

„ჩემს განრიგს ღამის  საათებში  „ქოფირაითერობა“ დავუმატე,  ეს უფრო ჩემი ჰობია და მეამაყება რომ ყველა პროექტი, რომელსაც ჩემს უძილო ღამეებს ვუძღვნი წარმატებით დავასრულე. ეს დამატებით შემოსავლის წყაროს და სტაბილურობის განცდას მიქმნის.“

თეონას მოტივაციის წყარო მისი სამი ულამაზესი შვილია, როგორც ის ამბობს შვილების გამო ბევრი რისკიანი ნაბიჯი გადადგა, მათ მომავალზე ზრუნვა მისი მთავარი მიზანია. ამბობს, რომ  „ქალებს კარგი ინტუიცია გვაქვს და ძალიან ძლიერები ვხდებით, როცა ჩვენს უკან ჩვენი შვილები დგანან“.

„ის რომ ქალი ვარ არასდროს ყოფილა ხელისშემშლელი ფაქტორი.  პირიქით,  ვამაყობ ამით,  მაქვს  საკუთარი საქმე,  ვეხმარები ადამიანებს,  ვცდილობ  ვიყო კარგი   დედა, მეგობარი, უფროსი და რაც ჩემთვის მთავარია, ადამიანი. სიტყვა ბიზნეს ვუმენი არ მიყვარს და არასდროს  ვიყენებ.

ის, რომ მე ნულიდან,  მარტომ, სამი შვილით დავიწყე კარიერა ახალ სფეროში და გავხდი ის, ვინც ვარ დღეს,  ნიშნავს რომ უდიდესია ქალის შესაძლებლობები.  ქალს შეუძლია იყოს ერთნაირად წარმატებული ყველა სფეროში, ერთდროულად  იფიქროს რამდენიმე თემაზე,  იყოს მოქნილი და მართოს კრიტიკული სიტუაციები.

დავამსხვრიე ჩემს თავში ჩაბეჭდილი სტერეოტიპი რომ ქალი სუსტია …

ქალი სუსტი ვერასდროს იქნება,  რადგან ყველა ქალი დედაა ან პოტენციური დედა და შესაბამისად დედაა ძლიერი. არ შეგეშინდეთ არც-ერთი წუთი. გარისკეთ, თუ შეგეშლებათ ისწავლით საკუთარ შეცდომებზე …

ერთხელ დაცემა არ ნიშნავს რომ არ უნდა წამოვდგეთ …“

კომენტარის დატოვება