ნოემბერი 24, 2024 15:04

“საუკეთესო სტარტაპ იდეა რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის-2022“- ნანა კელიხაშვილის “ნანოლენდი”

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „საუკეთესო სტარტაპ იდეა რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის-2022“ წარმოგიდგგენთ ნანა კელიხაშვილს.
ქალბატონი ნანა ბანკის თანამშრომელია, მუშაობს საკრედიტო განყოფილებაში.
დუშეთის რაიონში დაბადებულ-გაზრდილი ნანა თავის მხარეზე უზომოდაა შეყვარებული, შესაბამისად მისი ოცნება მუდამ იყო ის, რომ ამ რეგიონის განვითარებაში წვლილი შეეტანა. დუშეთის რაიონის კლიმატური და ბუნებრივი გარემოს გათვალისწინებით, მისი აზრით, აქ შესანიშნავი საფუძველია ტურიზმის უფრო მეტად განსავითარებლად. მისი მიზანი გახლდათ, რომ ტურისტებისთვის რაიმე საინტერესო შეეთავაზებინა, რომ მათ ტურისტულ მარშრუტებში დუშეთის რაიონი აუცილებლად შეეტანათ. ნანას სურვილია, დუშეთით უფრო და უფრო მეტი უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტი დააინტერესოს.
იდეაზე ფიქრისას, თუ რა შეეთავაზებინა ტურისტებისთვის,ინსპირაცია გახლდათ აჭარასა და რაჭაში ნანახი გლემპინგური კოტეჯები. გლემპინგი ტურიზმის ახალი სახეობაა, ეს გახლავთ კომფორტული დასვენება თან ყველაფერი ბუნებასთან უფრო ახლოს. შესაბამისად, იდეას ფრთა შეასხა და ააშენა კოტეჯი „ნანოლენდი“.
კოტეჯი წარმოადგენს ერთგვარი გუმბათური ტიპის კარავს, რომელშიც დასვენებისთვის სრული კომფორტია შექმნილი, არის სველი წერტილი, კონდიცირების სისტება, ტერასა და სხვა.
• აჭარაში და რაჭაში ვნახე მსგავსი ტიპის გლემპინგ კოტეჯები, მომეწონა და გადავწყვიტე, რომ დუშეთშიც გამეკეთებინა. ეს ე.წ. გლამურული კემინგი ტურისტულ ინდუსტრიაში ამჟამად საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა, თან დუშეთის განსაკუთრებული პეიზაჟების და ბუნების მრავალფეროვნების წყალობით, ვფიქრობდი, ჩვენს რაიონშიც წარმატებული იქნებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, გამეკეთებინა ჩემი პირველი კოტეჯი, რომელშიც მთელი ჩემი ენერგია ჩავდე და საკუთარი ძალებით შევძელი, ჩანაფიქრი სისრულეში მომეყვანა.
ამაყია, რომ პირველი ნაბიჯი წარმატებით გადადგა. ამბობს, რომ წარმატებამ კიდევ უფრო გააძლიერა და სამომავლოდ კვლავ გეგმავს მეტი სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის კოტეჯის ჩადგმას.
ის მომხმარებელს გარდა ყავა-ჩაითა და ტკბილეულით გამასპინძლებისა, საჩუქრად სთავაზობს საკუთარ ეზოში მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით საკუთარი ხელით დამზადებულ ჯემებსა და მურაბებს.
„ნანოლედს“ აქვს მყუდრო ეზოც, სადაც დაგხვდებათ ჰამაკები, მაყალი და ყველა საჭირო ატრიბუტი იმისთვის, რომ წყვილმა ან რამდენიმე მეგობარმა დრო კომფორტულად და მშვიდად გაატაროთ სუფთა ჰაერზე, ლამაზ ბუნებაში.
ამბობს, რომ მართალია, ქალების როლი თანდათან იზრდება ჩვენს საზოგადოებაში, თუმცა არსებული წინაღობებისა და შემორჩენილი სტერეოტიპების პირობებში, მათ უმრავლესობას ჯერ კიდევ არ შეუძლიათ იყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები, არადა, წარმატებისკენ სწრაფვა ქალების უფლებაცაა. მიაჩნია, რომ ქალებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ განვითარებისა და წინსვლის საშუალება, რომ თავი რეალიზებულად იგრძნონ.
ამბობს, რომ ქალისთვის რამდენიმე საქმის შეთავსება სულაც არ არის მარტივი, მაგრამ მთავარია, საკუთარი თავის გვჯეროდეს, ვიყოთ მონდომებულები და ენერგიულები და ყველაფერი გამოვა.
• ჩვენთვის, ქალებისთვის შეუძლებელი არაფერია. დაისახეთ მიზანი და იარეთ წინ ამ მიზნებისკენ! ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია. ქალებს გვაქვს შესაძლებლობა, წარმოვადგენდეთ დიდ ძლიერ ძალას. ძლიერი ქალი კი ძლიერი სახელმწიფოა!
მიაჩნია, რომ მისი მთავარი მიღწევა არის მისი მოტივაცია, ძალა, რომ მუდმივად განვითარდეს, არასოდეს გაჩერდეს, მუდმივად დაისახოს ახალ-ახალი მიზნები და იბრძოლოს მათ მისაღწევად.
ქალებს, რომლებიც ახლა დგანან პროფესიული თუ ბიზნეს საქმიანობის საწყის ეტაპზე, ურჩევს:
• ხმამაღლა ვეტყვი მათ – გაბედეთ! გადადგით ნაბიჯები მიზნისკენ, არ დანებდეთ და თქვენ აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ!

კომენტარის დატოვება